ახალი ამბები
დევნილობაში დაბრუნებული მხედველობა და ყვავილებით შეცვლილი ახალი გარემო
გიული ბერუაშვილი 10 წელია ვერხვების დასახლებაში ცხოვრობს. წარმოშობით ერედვიდანაა, თუმცა ოჯახთან ერთად ომამდე სოფელ აჩაბეთში ცხოვრობდა. დიდი ლიახვის ხეობა 2008 წლის 8 აგვისტოს დატოვა და მას შემდეგ აგვისტოს მოახლოება მასში როგორც თავად ამბობს, უდიდეს ტკივილს აღძრავს.

სამი შვილის დედას დევნილობაში მძიმე დაბრკოლებების გადალახვა მოუხდა. მისი ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად მიღებულმა სტრესმა მხედველობა დაუკარგა და დევნილობის გარკევული პერიოდი სწორედ ამ მიზნით მკურნალობას მოანდომა. ორივე თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მხედველობა 100%-ით დაუბრუნდა და ახალი ხედვით სხვა რეალობასა და გარემოში გააგრძელა ცხოვრება.

მიუხედავად სირთულეებისა ცხოვრების შემართება და ხალისი არ დაუკარგავს. ცდილობს ყოველი დღე საინტერესო და ლამაზი გახადოს, რაშიც წლებია კოტეჯში ნახარები ოთახის ყვავილები ეხმარება. სხვადასხვა სახის მცენარეებს მისი საცხოვრებელი ფართის თითქმის ყველა ოთახი უკავია. გული წყდება, რომ ფართის სიმცირის გამო უფრო მეტი რაოდენობის ყვავილებს ვერ ახარებს. ყვავილებს რომ წყალი დაუსხას ხშირად შუაღამითაც იღვიძებს. დილით უკვე სამსახურში მიეჩქარება ამჟამად, ვერხვების საბავშვო ბაღში მუშაობს. ყვევილებთან ერთად კვირაში ხუთი დღე პატარებზეც უნდა იზრუნოს. ამბობს, რომ ათი წლისწინანდელი შიში და ემოციები ყოველდღიურ ცხოვრებასა და ახალ გარემოში თანდათან ჩაიკარგა, თუმცა მშობლიურ მხარეში დაბრუნების სურვილს და მოლოდინებს დრო და მანძილი ვერ წაშლის. გიული ბერუაშვილი ფიქრობს, რომ მისი ოთახის ყვავილებს ხეობის ჰაერი უფრო მოუხდება და იმედს არ კარგავს, რომ ცხოვრების ყველაზე მთავარ ნატვრას ოდესღაც აუცილებლად აისრულებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები