ახალი ამბები
5 მიუსაფარი ოჯახი მერიის გადაწყვეტილებით სოციალურ საცხოვრისში იცხოვრებს
დღეიდან 5 მიუსაფარი ოჯახი სოციალურ საცხოვრისში იცხოვრებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გორის მერიამ აღნიშნულ ოჯახებს ორწლიანი ხელშეკრულებები გაუფორმა და ბინების გასაღებები გადასცა. საცხოვრისში მათი გადასვლის პროცესს კი გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პირადად დაესწრო და ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა.

ახალმოსახლე ოჯახები სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 5 ოჯახში სულ 19 სულია, მათ შორის, 10 მცირეწლოვანი ბავშვი და ისინი დღემდე ქირით ან მიტოვებულ შენობებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.

აღნიშნული ოჯახები გორის მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეარჩია, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გორის მერიის წარმომადგენლებით. ჯგუფმა ბინების განაწილებისას იხელმძღვანელა გორის მუნიციპალიტეტის ,,სოციალური საცხოვრისის წესით“, რომლის საფუძველზე ოჯახის მდგომარეობის ამსახველი ანკეტა ივსება და ფასდება ქულათა სპეციალური სისტემით. ყველაზე მაღალ ქულათა რაოდენობას ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის ოჯახი აგროვებს, რაც ხდება მათი ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილების საფუძველი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საცხოვრისი 2010 წელს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. საცხოვრისში 14 ოჯახი ცხოვრობს. მათგან ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა 5 ოჯახმა საცხოვრისი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ისინი ბინებით დააკმაყოფილა. გამოთავისუფლებული ოთახები კი გორის მერიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაუთმო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები