ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეობა 27 წლის შემდეგ
ეკატერინე ბიჩინოვა ვლადიკავკაზიდან საქართველოში მოქალაქეობის ასაღებად ჩამოვიდა. 11 წლის იყო როდესაც გორი ოჯახთან ერთად დატოვა.

,,11 წლის ვიყავი, როდესაც გორი ოჯახთან ერთად დავტოვე. სადგურის დასახლებაში, გაბაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩვენი წასვლის შემდეგ ამ სახლში დეიდაჩემის ოჯახი ცხოვრობს, სწორედ აქ ვარ ახლა, თუმცა ამჯერად სტუმრის სტატუსით. როდესაც ვლადიკავკაზში გადავსახლდით, ცხოვრება ახალ გარემოში მშვენვრად მოვიწყეთ. გავხსენი ფერმა და ხორცპროდუქტებსაც ვაწარმოებ, თუმცა 27 წლის განმავლობაში შინაგანად რაღაც არ მასვენებს. ყოველდღიურად ვგრძნობდი რომ რაღაც მაწუხებდა. ერთხელ ამ თემაზე ჩემს მეგობართან ვსაუბრობდი. ვერ ვპოულობდი პასუხს კითხვაზე, თუ რამ დამიკარგა მოსვენება. ამ კითხვაზე პასუხი სწორედ მეგობბრის რჩევამ მაპოვნინა. ვუყურე ოჯახის წევრებთან და ახლობლეებთან ერთად ფილმს ,,ფესვები“. ყველამ იტირა ჩემს გარდა. მე მათ ჩემი ცრემლები არ დავანახე. ბოღმა მახრჩობდა, გამოვედი და ცალკე ჩუმად ვიტირე. მე მივხვდი, რომ ის რაც ამ დრომდე მაწუხებდა საქართველოს მონატრება იყო. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა. გადმოვკვეთე ვლადიკავკაზიდან საზღვარი და სუნთქვა გამეხსნა, ვერ აღგიწერთ რა გრძნობა დამეუფლა. კიდევვ უფრო მეტი ემოციები მაშინ მომეძალა, რაც უბანს მივუახლოვდი და ჩემ სახლში შევედი. თითოეული კედელი მიყვარს ამ სახლში. დილით რომ გავიღვიძე თავი ისევ სიზმარში მეგონა, ვერ ვიჯერებდი, რომ სწორედ იმ სახლში ვიყავი, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე. მოვინახულე რკინიგზის მაშინდელი მე-20 სკოლის შენობაც. რამაც მომენტალურად ბავშვურ პერიოდში დამაბრუნა. ისევ ის კარია მთავარ შესასვლელში, რაც ჩემ დროს იყო. მინდოდა დიდხანს მეცქირა ჩემი სკოლისთვის, რამაც კლასელები კიდევ ერთხელ გამახსენა. ყველაფერმა ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ მინდა დავბრუნდე საქართველოში. გადავწწყვიტე საქართველოს მოქალაქე გავხდე. სწორედ ამიტომ მივედი იუსტიციის სახლში და ჩემი ეს მოთხოვნა ოფიციალურად დავაფიქსირე. ორმაგი მოქალაქეობა უფრო ხშირად ჩამოსვლის საშუალებას მომცემს. მართალია ვლადიკავკაზშიც ბევრი ქართველია და მაქვს კავშირები მათთან, მაგრამ საქართველოში მყოფ ნათესავებთან და ახლობლებთან ხშირი კონტაქტი უფრო სხვაა. საქართველოს მოქალაქეობა მათთან ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად ახალ შესაძლებლობებს მომცემს. ვაპირებ, გავხსნა საწარმო და დასაქმების პრობლემის მოგვარებაში, რაც დღეს საქრთველოში ყველაზე მწვავედ დგას, გარკვეული წვლილი შევიტანო. ვგეგმავ, ქართველებისა და ოსების დასაქმებას სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან ერთად, რაც მათ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს."- ამბობს ეკატერინე ბიჩინოვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები