ახალი ამბები
კასპში ცემენტის ქარხანა ღუმელის გაჩერებას გეგმავს
„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, კასპში ცემენტის წარმოების შემცირებას პირველ აგვისტოდან გეგმავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაცო ცენტრს კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ განუცხადა.

ბოლო პერიოდში, ,,ჰაიდელბერგცემენტის" გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც კომპანია იძულებულია ეტაპობრივად დახუროს ქარხნები და ღუმელები.

,,ჰაიდელბერგცემენტი"  საქართველოში სამ ინტეგრირებულ ქარხანას ფლობს, ქვეყანაში ერთადერთი კლინკერის მწარმოებელია კომპანიაა. ერთი კვირის წინ, კლინკერის წარმოებისთვის განკუთვნილი მომუშავე 5 ღუმელიდან ერთის გაჩერება მოუხდა (ბოლო 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის დემპინგური ფასების გამო რუსთავში უკვე 2 ღუმელი გაჩერდა და კლინკერის არსებული 7 ღუმელიდან ახლა მხოლოდ 4 მუშაობს). კლინკერის შემცირებული წარმოება იწვევს კირქვის ნაკლებ საჭიროებას, ამიტომ ,,ჰაიდელბერგცემენტი" იძულებული გახდა გასულ კვირას დედოფლისწყაროს კირქვის კარიერზე მომუშავე პერსონალის ერთი ცვლაც შეემცირებინა.

1 აგვისტოს კასპის ცემენტის ქარხანა შეაჩერებს კლინკერის გამომწვავ ღუმელს მუშაობას. კასპში ახალი საწარმოო ხაზის ასამუშავებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც 2018 წლის ბოლოს დაიწყებდა ოპერირებას.

ახალი საწარმოო ხაზის დანერგვით იგეგმებოდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ ეტაპზე კომპანიის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ დემპინგურ ფასების კონკურენციას ვერ გაუძლებს ახალი საწარმოო ხაზი.

ირანული ცემენტის მწარმოებლების მიერ კლინკერსა და ცემენტზე დაწესებულმა დემპინგურმა ფასებმა საგრძნობლად შეამცირა პროდუქციის ფასები საქართველოში. ასეთ პირობებში კონკურენციის გაწევა შეუძლებელი ხდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ცემენტის ინდუსტრია საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდის მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც იძულებულები არიან აქტიურად ეძებონ დამატებითი საექსპორტო ბაზრები ჭარბი წარმოების სარეალიზაციოდ.

მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოც კი ვერ იქნება ამ სიტუაციაში კონკურენტუნარიანი. თუ აღნიშნული პრაქტიკა არ შეჩერდება, საქართველოში ცემენტის ინდუსტრია ნამდვილად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც ასევე მოყვება ნახშირის ინდუსტრია და სხვა ყველა ბიზნესი რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან.

27 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ,,ჰაიდელბერგცემენტის" პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც კომპანიის დირექტორები გააკეთებენ განცხადებას ირანული ცემენტის დემპინგის მიმდინარე საფრთხეებსა და შედეგებზე.

განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ჰაიდელბერგცემენტის"   გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ.

იხ.ამავე თემაზე: ,,კასპიცემენტში" ახალი პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები