ახალი ამბები
90-იან წლების კონფლიქტის მონაწილე ვერ ამტკიცებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას
1990-92 წლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილემ, ა.ბ-ემ, ვერც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში და, შემდგომ, სამართლოში ვერ დაამტკიცა ,,ქართულ-ოსურ კონფლიქტში“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. ამის გამო, ვეტერანის სტატუსი ვერ მიიღო. შესაბამისად, ვერც დახმარებით სარგებლობს.

იგი ორივე უწყებაში განმარტავდა, რომ აწუხებს გართულებული ვეგეტონერვოზი (დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს ყველაფერი სტკივა), რაც სწორედ გამოწვეული იყო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაა საკმარისი ორი პირის ჩვენება, რომლებმაც სანოტარო წესით წერილობით დაადასტურეს, რომ იგი ქართულ სოფლების დასაცავად ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრი იყო. ამ ორ პირს, სწორედ, მოხალისეობრივ ჯგუფის წევრობის გამო, სტატუსი მინიჭებული აქვთ.

მოქალაქემ სასამართლოს განუმარტა, რომ ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტში მოიძია დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ 1990-1992 წლებში სოფლებში შექმნილ მოხალისეთა ასეულს მეთაურობდა ვინმე თ. ბ-ე. ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანების სტატუსის მაძიებელი ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ თ. ბ-ის ასეულში შემავალ ცალკეულ პირებზე დადასტურებულ იქნა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და მიენიჭათ ვეტერანის სტატუსი.

სტატუსის მაძიებლის აზრით, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია და არ გამოუკვლევია, თუ რის საფუძველზე იქნა ასეთი განსხვავება ერთსა და იმავე ასეულის შემადგენლობაში შემავალი მოხალისეების მიმართ, რომლებიც ერთსა და იმავე პერიოდში, ერთსა და იმავე ტერიტორიაზე არსებულ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას და არ გააჩნდათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება საბრძოლო მოკვლევის გარდა.

სასამართლოს აზრით, წარდგენილი ვერ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, მის სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას, ხოლო რაც შეეხება საბრძოლო მოკვლევის აქტს, იგი წარმოადგენს კომისიისათვის წარსადგენ ერთ-ერთ და არა ერთადერთ დოკუმენტს, რომლითაც პირს უნდა მიენიჭოს ვეტერანის სტატუსი.

ფოტოზე:
ცხინვალის მისადგომები, 1989 წლის ნოემბერი, კონფლიქტის დასაწყისი
Print

სტატიის გამოყენების პირობები