ახალი ამბები
გმირი ქალები კულისებს მიღმა - წიგნის პრეზენტაცია ომის მუზეუმში
სოფელ ერგნეთში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის, ,, sHEROes“ პირველი პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა.

ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes”აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე გამოიცა. წიგნში სწორედ ამ ომის შესახებაა გადმოცემული, რომლის მთავარი გმირები ქალები არიან. განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალებს, რომელთა ცხოვრებაც ომმა შეცვალა, სწორედ ეს წიგნი აერთიანებთ. ქალები, რომლებიც იბრძოდნენ და ომის დღეებშიც არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ. წიგნის ავტორის განმარტებით, ამ ქალებმა არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს. ,,ყველაზე ძვირფასი ადამიანები - შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.”-უთხრა ომის მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას სალომე ბენიძემ.

მისივე თქმით, “sHEROes” -არის წიგნი, რომელიც ასახავს რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავს, ომს და მშვიდობას, სიყვარულსა და ერთგულებას, სიკვდილს და აღდგომას.“ 5 დღე, 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, 20000-ზე მეტი დევნილი, 22 დაკარგული სოფელი - ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ოფიციალური სტატისტიკა, ომის, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც 21-ე საუკუნის პირველ ომს ევროპაში. არაოფიციალური ზიანი კი, რომელიც საქართველოს მიადგა, გაცილებით მასშტაბურია და დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო მტკივნეულად იჩენს თავს. მშობლიურ სახლებში დაბრუნებას კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 300 000-მდე ადამიანი ელოდება. ერგნეთის შემდეგ წიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა ასევე გაიმართება თბილისში, გორში, ტყვიავში, ბათუმში და ქუთაისში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები