ახალი ამბები
ცხინვალის ,,ომონს" მოქალაქე ,,კალაშნიკოვის" ავტომატით დაუპირისპირდა
ცხინვალში 38-წლის მამაკაცი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ,,ომონის" წევრებს დაუპირისპირდა და ,,კალაშნიკოვის" სისტემის იარაღის გამოყენებით დაემუქრა. მამაკაცი საკუთარ სახლში იყო ჩაკეტილი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები და 88-წლის მოხუცი იმყოფებოდა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრის განცხადებით, მამაკაცის განიარაღება, მხოლოდ, მეგობრების წყალობით მოახერხეს.

,,მე არ გავეცი ბრძანება შტურმის გამოყენების თაობაზე, რადგან სახლში ბავშვები და მოხუცი იმყოფებოდა" - აცხადებს დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი. მისი განცხადებით, სახლში შესვლა და იარაღის წართმევა მამაკაცის მეგობრებმა და ახლობლებმა მოახერხეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ 38-წლის ქალმა დახმარებისთვის მილიციას მიმართა და აუხსნა, რომ მისი ყოფილი ქმარი შვილებს არ ატანს. მილიციელებს მამაკაცი თავდაპირველად მშვიდად შეხვდა, თუმცა როგორც კი სახლში შებრუნდა, იარაღი მოიმარჯვა და კარები ჩაიკეტა. მედია წერს, რომ პიროვნება უკვე დაკავებულია, იარაღი კი, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები