ახალი ამბები
მოხუცების ერთი დღე თავშესაფარში (VIDEO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში, მოხუცთა თავშესაფარი ,,სახლი საზღვრების გარეშე‘’ უკვე ორი წელია ფუნქციონირებს.

თავდაპირველად თავშესაფარში 5 ბენეფიციარი ცხოვრობდა. ამჟამად მოხუცთა თავშესაფარში უკვე 9 ბენეფიციარი იმყოფება.

ერთ-ერთი მზრუნველის მელანო სილაგაძის თქმით, ხანდაზმულები თავშესაფარში თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთაერ ოჯახში.

,,ყოველ დილით მოხუცები საერთო ოთახში იყრიან თავს, ეს არის მათი თავშეყრის ადგილი. აქ ისინი იხსენებენ ძველ ამბებს, უყურებენ სერიალებს, საუზმის შემდეგ ხშირად იკრიბებიან ეზოში, ჰყვებიან სახალისო ამბებს და ასე გაყავთ ყოველი დღე.“ - ამბობს მელანო სილაგაძე.

ამჟამად სახლს, სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ სახურავი აქვს დაზიანებული და წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის. თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდმილა სალიამ დასახმარებლად გორის მერიას მიმართა.

,,ამ ეტაპზე თავშესაფარს არ აქვს იმის საშუალება, რომ შენობას სახურავი გამოუცვალოს. პრობლემის მოგვარებას გორის მერი კოტე თავზარაშვილი დაგვპირდა, იმედი მაქვს ზამთრის დადგომამდე მერია გაგვიწევს შესაბამის დახმარებას.“ - განაცხადა ლუდმილა სალიამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარის სახურავის რეაბილიტაციას უახლოეს პერიოდში გეგმავენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადბა, მომავალ კვირას კი სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადდება ტენდერი. სახურავის რეაბილიტაციისთვის თანხის 10% –ს გადაიხდის თავშესაფრის ხელმძღვანელობა, ხოლო 90% –ს გორის მერია დაფინანსებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები