ახალი ამბები
ხეების მოჭრის გამო ატენი-ბოშურის გზაზე მომუშავე კომპანია დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანია „აგტ სამენეჯმენტო, საკონსულტაციო და სამშენებლო მომსახურების საქართველოს ფილიალის" წარმომადგენლები დააჯარიმეს. ამის შესახებ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, მასალები გადაგზავნეს სასამართლოში, რადგან კომპანიის წარმომადგენლებმა საგზაო სამუშაოების დროს, უკანონოდ მოჭრეს ხის მასალა და მოიპოვესწიაღისეული.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქმე სასამართლოში იხილება, სადაც გაირკვევა, თუ რამდენად კანონზომიერად მოქმედებდნენ მუშები.

ატენი-ბოშურის გზაზე ტენდერი 2016 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის ნოემბერში.

„10 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია. პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეა.“, - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა 2018 წლის ნოემბრამდე გადაუწიეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები