ახალი ამბები
გორის საკრებულოს ბიუროს წევრები მერიის პოლიტიკას აკრიტიკებენ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა, სკვერებთან დაკავშირებით, მერის პოლიტიკა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი საკითხები მომავალში განსახილველად მათ აღარ გაუგზავნონ. ამის შესახებ საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარემ კობა ბერიანიძემ განაცხადა.

კობა ბერიანიძის თქმით, ქალაქის სკვერები მერიის მმართველობის ქვეშ უნდა დარჩეს: ,,ზოგს უნდა კლინიკა გააკეთოს და ჩვენი სკვერები ეზოთ აქციოს, ზოგს უნდა რეანომობილის სადგომაც აქციოს, რასაც არ დავუშვებთ" - ამბობს კობა ბერიანიძე.

საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიცია ბიუროს სხვა წევრებმაც გაიზიარეს. თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ აღმასრულებელმა რგოლმა ისეთი ლაფსუსები არ უნდა დაუშვას, რომ ის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცეს.

გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მომდევნო სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და საკითხების მომხსენებლები შეარჩიეს. დავით რაზმაძე ამბობს, რომ საკითხების ნახევარზე მეტი მიწის იჯარით გაცემას ეხება.

,,წარმოდგენილ საკითხთა უმეტესობა, აშკარად, ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. არ შეიძლება მიწის იჯარით გაცემა იმდაგვარად, რომ იქ ხეები მოიჭრას. ჩვენი საკრებულო ერთ-ერთი ჰიპერაქტიური საკრებულოა, რომლის წევრები მსგავს გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. თითოეულ საკითხზე ჩვენმა დეპუტატებმა პირადად დაათვალიერეს იჯარით გასაცემი ადგილები.“ - აცხადებს დავით რაზმაძე.

საკრებულოს წევრი ლია ჩლაჩიძე ითხოვს, რომ ბოლოს და ბოლოს, მერიის რომელიმე სამსახურმა იზრუნოს ქალაქის იერსახეზე. ,,არ შეიძლება ნაცნობობით ამ ტერიტორიების იჯარით გაცემა და შემდეგ იქ რაღაცეების ჩადგმა“ - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

საკრებულოს წევრების ღია შეფასებებმა უხერხულ მდგომარეობაში მარლენ ნადირაძე ჩააყენა. ის დეპუტატებს მოუწოდებდა, რომ კამერის წინ, მსგავს საკითხებზე არ ემსჯელათ:

,,კარგით, ეხლა, კამერები იღებს“ - ამბობდა მარლენ ნადირაძე. მან ამის შესახებ კონკრეტულად მიშა გოგინაშვილს მიმართა, რომელიც დაინტერესდა იმ საკითხით, თუ რომელმა კომპანიამ ან კერძო პირმა, იჯარით აღებულ მიწებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები