ახალი ამბები
მიხეილ გოგინაშვილი; ,,წმინდაწყალი ერთ დიდ პროფილაქტიკად გადაიქცა"
გორის ერთ-ერთ დიდ დასახლებაში, წმინდაწყალზე, ხე არ გააჩერეს. ამის გამო, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მიხეილ გოგინაშვილმა, ბიუროს სხდომაზე, მერიას მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, საუბარია იჯარით ისეთი მიწის ნაკვეთების გაცემაზე, სადაც ნარგავებია: ,,მთელი წმინდაწყალი პროფილაქტიკადაა გადაქცეული. ერთი ხე არ დატოვეს" - განაცხადა მიხეილ გოგინაშვილმა. მას საუბარს ამავე გუნდის წევრი, მარლენ ნადირაძე აწყვეტინებდა: ,,კამერაა ჩართული, ნუ ლაპარაკობ"

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გაიხსენა 2016 წლის ფაქტი, როდესაც შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, წმინდაწყალზე, გრძელვადიანი იჯარით ერთ-ერთი სკვერის გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა:

,,რუსიშვილი ჭედავდა მაგ ამბავზე, სერიოზულად ჭედავდა. მერე როცა წავიდა თანამდებობიდან, მერიამ მაინც გაასხვისა ეგ ტერიტორია" - აღნიშნა რაზმაძემ. ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რა ტერიტორიაზეა საუბარი, რაზმაძემ აღარ დააკონკრეტა. დაგვიდასტურა, რომ იქ უკვე აშენებულია ობიექტი.

გუშინ, გორის საკრებულოს ბიუროს წევრებმა, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. 19 საკითხიდან ნახევარზე მეტი მიწების იჯარით გაცემას ეხება
.

ფოტოზე: მიხეილ გოგინაშვილი ბიუროს სხდომაზე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები