ახალი ამბები
გორის მერიაში დაწერილი ანგარიშები დეპუტატებმა დაიწუნეს
,,ფურცლებით წარმოდგენილი ანგარიშები არ ასახავს იმ რეალობას, რასაც ადგილზე ვნახულობთ" - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გუშინდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ადეკვატური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შენიშვნა გამოთქვეს ქონების მართვის განყოფილებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამსახურების მიმართ. საკრებულოს წევრი თამარ მურალოვა ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურმა მოთხოვნილი ინფორმაცია არასრულყოფილად გამოაგზავნა:

,,კომისიის სხდომაზე, აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, საკმაოდ შინაარსიანი შეხვედრა იყო. ძალიან ბევრი საკითხი წამოიჭრა, რაც ანგარიშში არ იყო მოცემული. მოვთხოვეთ მათ დეტალური ინფორმაცია, თუმცა, დღეს ბიუროს სხდომაზე ვხედავთ, რომ გამოაგზავნეს მხოლოდ ცხრილი" - ამბობს თამარ მურალოვა. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიწოდებულ დოკუმენტში, რომელიც ზემოთ ნახსენებ ანგარიშს წარმოადგენს, წერია:

,,ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილებამ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში განახორციელა და ახორციელებს ზედამხედველობას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად გაფორმებული 52 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, ჯამში 12 460 740 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზედამხედველობის სამსახურის და კონტრაქტორი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში მიღებულია ეკონომია 174 161 ლარის ოდენობით. სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქციები ჯამში 2061 ლარის ოდენობით. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილებამ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში გააფორმა 109 მიღება-ჩაბარება (როგორც შუალედური ასევე საბოლოო) და დადო სხვადასხვა სახის 96 დასკვნა, რომელიც ეხებოდა გარკვეული სახის მომსახურეობას და მოწოდებულ საგნებს." - ციტატის დასასრული.

საკრებულოს ქონების მართვის კომისიის წევრების შეფასებით, ეს ანგარიში არასრულყოფილია, რადგან შემდგომ წარმოდგენილ ცხრილში, სადაც საუბარია, მაგალითად,  შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის მიერ ორმოულების ამოვსების სამუშაოებზე, არაა ინფორმაცია კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ. თამარ მურალოვი, ერთი კვირის წინ, გორი-კარალეთის გზაზე მომხდარ ავტოავარიის ფაქტზე, პასუხისმგებლობას სწორედ მონიტორინგის განყოფილების წევრებს აკისრებდა. მსხვერპლით დასრულებული ავტოავარიის მიზეზი, სწორედ, ორმოული გახდა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები