ახალი ამბები
გორის ბაზარი ,,21-ე საუკუნე" ლიახვის სანაპიროზე მიწის ფართობს ითხოვს
გორის მერს კოტე თავზარაშვილს ,,21-ე საუკუნის" წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლებს ,,26 მაისის სახელობის სანაპიროზე" მიწის ფართობის იჯარით აღება სურთ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოში განუცხადეს.

საკრებულოს აპარატის ცნობით, საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. მერს იჯარის ხელშეკრულების დასადებად საკრებულოს წევრების თანხმობა ჭირდება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შპს ,,21-ე საუკუნე" მდინარე ლიახვის სანაპიროზე ფართს 24-წლიანი იჯარით მიიღებს.

როგორც ირკვევა, ბაზრის ადმინისტრაცია მითითებულ ტერიტორიას ითხოვს იმ ტერიტორიის სანაცვლოდ, რომელიც მათ 2010 წლიდან 2017 წლამდე ჰქონდათ. 2010 წლის ხელშეკრულებით, ეს ტერიტორია ლომჭაბუკის სიახლოვეს ჰქონდათ მიღებული.

დღესდღეობით, ,,ლომჭაბუკის" (გამარჯვების მემორიალი) მიმდებარე ტერიტორიას, ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით, რეაბილიტაცია უტარდება. ბაზრის ადმინისტრაცია წერს, რომ მათ გაითვალისწინეს ქალაქისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის აუცილებლობა, უარი თქვეს ლომჭაბუკის ტერიტორიაზე, სანაცვლოდ კი, ლიახვის პირზე, ტერიტორიაზე მოითხოვეს.

2010 წლის ხელშეკრულების თანახმად, ,,21 საუკუნე" ლომჭაბუკის ტერიტორიას ავტოპარკინგისთვის იყენებდა. ანალოგიური მიზნით სურთ ფართის აღება ლიახვის სანაპიროზე
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები