ახალი ამბები
გორელმა ალპინისტებმა მყინვარწვერი წარმატებით დალაშქრეს
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილების ალპინისტებმა წარმატებით დალაშქრეს მყინვარწვერი (ზღვის დონიდან 5047 მ).

მყინვარწვერზე ასვლა განხორციელდა 1–7 სექტემბერს დაბა სტეფანწმინდაში მოწყობილი ალპინიადის ფარგლებში. ალპინიადის მიზანი მთამსვლელთათვის კვალიფიკაციის ამაღლება გახლდათ.

საგენტოს ინფორმაციით, პირველი ბანაკი მთამსვლელებმა 3014 მეტრზე ილიას წყაროზე მოაწყვეს, მეორე დღეს მეტეოსადგურზე (4000 მ) საბაზო ბანაკში ავიდნენ, შემდეგ კი უშუალოდ მყინვარწვერზე. გარდა ამისა, ჯგუფის წევრებმა საბაზო ბანაკში ივარჯიშეს ყინულის კედელზე ცოცვაში, ყინულიანი ფერდობების გადალახვაში და ა.შ.

სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს ექტრემალური სპორტის განყოფილების ალპინიზმის ჯგუფისთვის ეს განვლილი ერთი თვის განმავლობაში მეორე ლაშქრობა იყო. ალპინისტები სამომავლოდაც გეგმავენ ალპინიადების და სასწავლო–სპორტული ლაშქრობების მოწყობას.

დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში გაიმართა პრესკონფერეცია, რომელზეც გორელმა ალპინისტებმა სტეფანწმინდაში გამართული ალპინიადის და მყინვარწვერზე ასვლასთან დაკავშირებით ისაუბრეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები