ახალი ამბები
ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს
ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს აწერენ ალბანეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნორვეგია, მაკედონია, სან მარინო, უკრაინა და საქართველო.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლებების და ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო.

განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიუთითებს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმებისა და 2008 წლის 8 სექტემბრის ზომების სრულად შესრულებისკენ. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ რეგიონებში წვდომით უზრუნველყოს.

ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით. ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში საუბარია არჩილ ტატუნაშვილსა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზეც.

„ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიების ჩატარებას და მართლმსაჯულების აღდგენას 2016 წლის მაისში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. დაუსჯელობა ღრმა შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამის განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერებით და სხვა უამრავი დარღვევით, მათ შორის იმ დარღვევებით, რაც უკავშირდება გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების ქონის თავისუფლებას, მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვას. ევროკავშირის განცხადებაში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზეცაა საუბარი, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„10 წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები დემოკრატიული სტაბილურობის გაძლიერების კუთხით. ევროკავშირი მიესალმება შეთავაზების პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სარგებელს მოუტანს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ევროკავშირი წუხს, რომ რუსეთი, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები უარს ამბობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებში ჩაერთონ. ევროკავშირის აცხადებს, რომ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი მანდატია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი წუხს, რომ სამდივნოს დელეგაციას და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს არასდროს მისცემია საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის შესაძლებლობა და ორგანიზაცია მოუწოდებს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს ამ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოების დაშვებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები