ახალი ამბები
გარდაცვლილი 11-წლის გოგონას მშობლები მძღოლის დასჯას ითხოვენ
ბრალდებულ ივანე კაჭიურის დედას დაზარალებული ოჯახის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა გორის სასამართლოს წინ, მას შემდეგ მოხდა, როდესაც პროცესი დასრულდა.

ბრალდებულის ახლობლები აღნიშნავდნენ, რომ მძღოლი კასპის ცენტრში არ მოძრაობდა იმ სიჩქარით, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა გამოეწვია. ამან გარდაცვლილის ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია. მათი თქმით, სწორედ, მაღალი სიჩქარის გამო, ვერ მოასწრო ბავშვმა გზიდან გადასვლა.

1988 წელს დაბადებულ ივანე კაჭიურს ბრალად ედება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც 11 წლის გოგონას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევა 2018 წლის 4 იანვარს კასპში მოხდა.

ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამჟამად, მას გირაო აქვს შეფარდებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს ქალაქ კასპში თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც 2008 წელს დაბადებულ ქვეითად მოსიარულე მ.გ.-ს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამარლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიებამ დაადგინა ი.კ.-ს ბრალეულობა. პოლიციამ იგი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები