ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობის საჭიროებებზე სამთავრობო კომისიის ანგარიში გამოქვეყნდა
დროებითმა სამთავრობო კომისიამ, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა საჭიროებებს იკვლევდა, მუშაობა დაასრულა. კომისიის წევრებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე 48 სოფელში ადგილზე შეისწავლეს არსებული პრობლემები და პირადად შეხვდნენ და ესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ანგარიშის მიხედვით, 9 საკითხია გამოკვეთილი. მათ შორის:

1. ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის პრობლემა;
2. სოფლებში გაზიფიცირების არარსებობა;
3. სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემები;
4. სოფლამდე მისასვლელი გზების მოუწესრიგებლობა;
5. პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობაზე ხელმიუწვდომლობა;
6. ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სახურავების პრობლემა;
7. მავთულხლართების გავლების შედეგად სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებით სარგებლობის შეუძლებლობა;
8. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პრობლემა;
9. სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა.

კომისიის ინფორმაციით, 2018 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 მლნ 435 600 ლარი დახარჯა.

“იმ ოჯახებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, აბონენტზე დაერიცხათ 200 (ორასი) ლარი, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტებად, გადაეცათ 200 (ორასი) ლარი. აღშნული დახმარებით სულ ისარგებლა 12178 ბენეფიციარმა, მათ შორის: გორის მუნიციპალიტეტიდან - - 7909 ბენეფიციარი; ხაშურის მუნიციპალიტეტიდან - 194 ბენეფიციარი; კასპის მუნიციპალიტეტიდან - 527 ბენეფიციარი; ქარელის მუნიციპალიტეტიდან - 2875 ბენეფიციარი; საჩხერის მუნიციპალიტეტიდან - 366 ბენეფიციარი; ონის მუნიციპალიტეტიდან - 138 ბენეფიციარი; დუშეთის მუნიციპალიტეტიდან - 169 ბენეფიციარი.”-ნათქვამია სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2013-2018 წლების პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში საუბარია ასევე ჯანდაცვისა და განათლების საკითხეზე. კვლვის მიხედვით, 2013-2018 წლებში შიდა ქართლში შეიქმნა და ფუნქციონირებს შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“, რომლის მიზანია შიდა ქართლის გამყოფის ხაზის მიმდებარე სოფლების ამბულატორიული ქსელის განვითარება, სოფლის ექიმების/ექთნების გამართული მუშაობის ხელშეწყობა, კვალიფიკაციის ამაღლება, მოსახლეობისათვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში“ გაერთიანებულია კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში შემავალი გამყოფის ხაზის მიმდებარე სოფლების 40 ამბულატორია, რომლებიც ემსახურებიან 83 სოფელს. დასაქმებულია 37 ექიმი და 53 ექთანი, რომლებიც ანაზღაურებას იღებენ ხელფასის სახით შპს-ს ბიუჯეტიდან (ექიმი - 650 ლარი; ექთანი - 455 ლარი).

დასრულების პროცესშია ამავე განკარგულებით განსაზღვრული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა. ამ ეტაპზე იგეგმება კლინიკის აღჭურვა სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. 2. გამყოფის ხაზის მიმდებარე 20 სოფელის ამბულატორია აღიჭურვა სამედიცინო და საოფისე ინვენტარით (ინვენტარის კომპლექტის ღირებულება თითოეული ამბულატორიისათვის შეადგენს 3960,23 ლარს)

შიდა ქართლში ახალი ამბულატორიები აშენდა/აღიჭურვა შემდეგ გამყოფის ხაზის მიმდებარე სოფლებში:

გორის მუნიციპალიტეტი - სოფლები ფლავი, ქვემო არცევი, აძვი, ჯარიაშენი, კირბალი, ხვითი, მეღვრეკისი, ერგნეთი, ქერე, ქორდი, წითელუბანი;
• კასპის მუნიციპალიტეტი - სოფლები რენე, თვაურები;
• ქარელის მუნიციპალიტეტი - სოფლები თამარაშენი, კოდა, ავლევი, ბრეძა, ატოცი

რაც შეეხება განათლებას, 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გამყოფი ხაზის სოფლებიდან დაფინანსდა 1168 სტუდენტი, აქედან 989 ბაკალავრი და 179 მაგისტრი. პირველი სემესტრის თანხამ შეადგინა 1 221 650 ლარი.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა - მომზადდა ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია, რეაბილიტაცია განხორციელდება 2018 წელს; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა - მომზადდა ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია, დაგეგმილია გამაგრება და ნაწილობრივი რეაბილიტაცია 2018 წელს;“-წერია სამთავრობო კომისიის ანგარიშში
.

ფოტოზე: სოფელი ყარაფილა, ავტორი დარო სულაკაური
Print

სტატიის გამოყენების პირობები