ახალი ამბები
ხაშურის ბიბლიოთეკა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მიიწვიეს
ხაშურის ბიბლიოთეკის თანამშრომლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროში მიიღეს. ხაშურის ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ეს სასიხარულო ამბავი მათ ორი დღის წინ მიიღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, 2018 წლის ოქტომბერში, საქართველო, საპატიო სტუმარი ქვეყნის რანგში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე (Frankfurter Buchmesse) წარსდგება.

,,ეს ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა ლიტერატურულ და საგამომცემლო სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს და ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. ბაზრობა გაგრძლდება 5 დღის განმავლობაში, სადაც 100-მდე ქვეყნის 7000-ზე მეტ მონაწილეს ეძლევა საშუალება შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებს, დაამყარონ და განავითარონ საქმიანი ურთიერთობები." - აღნიშნავენ სამინისტროში.

1976 წლიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ ,,ქვეყნის საპატიო სტუმარის" პროგრამას ჩაუყარა საფუძველი.. 2018 წელს სწორედ საქართველოს ხვდა წილად პატივი ამ სტატუსით წარსდგეს ევროპული საზოგადოების წინაშე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველოს მონაწილეობის მიზანია, ევროპაში საქართველოს იმიჯის ინოვაციურ ჭრილში წარმოჩენა, ქვეყნით დაინტერესების სტიმულირება, მსოფლიოსთვის ქართული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო მნიშვნელობისა და აქტუალობის წარმოჩენა, ქართველი ავტორებისთვის და საგამომცემლო ინდუსტრიისთვის ევროპაში ახალი შესაძლებლობების გახსნა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოკლევადიანი სარგებელი ქვეყნისთვის არის ის, რომ ამჯერად, გერმანულენოვანი აუდიტორია საქართველოს აღმოაჩენს წიგნის საშუალებით, ადგილობრივი საგამომცემლო ბაზარი დაინტერესდება ქართველი მწერლებით, მეცნიერებით, კულტურით. ფრანკფურტის ბაზრობის პერიოდში მსოფლიო მედია ფოკუსირებული იქნება საქართველოზე და გერმანულ საზოგადოებაში საქართველოს შესახებ შექმნილი სტერეოტიპი სხვაგვარად ფორმირდება.

,,გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანა შეიძენს გერმანულ ენაზე ნათარგმნ ქართულ ლიტერატურას, ბაზრობაზე საქართველოს განსაკუთრებული სტატუსით მონაწილეობა კი, გააძლიერებს ქართულ-გერმანულ დიპლომატიურ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნებით დაინტერესებული ტურისტების ნაკადს გაზრდის."- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები