ახალი ამბები
გორში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ სამ ქუჩაზე საშუალო დონეს მიაღწია
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქალაქ გორში, მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია საშუალო დონეს  აღწევს. ეს მონაცემები სტალინის, მშვიდობის გამზირისა და ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთებზე ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა.

2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის მდგომარეობის მონიტორინგი სამ წერტილზე: სტალინის ქუჩაზე, მშვიდობის გამზირსა და ცხინვალის ზგატკეცილზე, - 4 ეტაპად განხორციელდა. იზომებოდა აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციები. სულ, 28 გაზომვიდან სამ შემთხვევაში, დაფიქსირდა ჰაერში ნივთიერებათა (აზოტის დიოქსიდის) საშუალო კონცენტრაცია. ყველა სხვა შემთხვევაში დაფიქსირდა ჰაერში გაზომილ ნივთიერებათა დაბალი მაჩვენებელი (გარემოს ეროვნული სააგენტო, 2017).

აზოტის დიოქსიდის NO2-ის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შიდაწვის ძრავი წარმოადგენს, რომელიც წიაღირსეულიდან მოპოვებულ საწვავზე მუშაობს.

შიდა ქართლის რეგიონში, ატმოსფერული ჰაერის 251 სტაციონარული დამაბინძურებელია წარმოდგენილი. გაფრქვევების უდიდესი ოდენობა, ერთობიექტზე (ჰაიდელბერგ ცემენტის კასპის ქარხანა) მოდის, რომელიც რეგიონის ძირითად დამაბინძურებელს წარმოადგენს, თუმცა, შედარებით მცირე მასშტაბის ატმოსფერული დამაბინძურებლები წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტშიც, ძირითადად, სწორედ ქალაქ გორის ტერიტორიასა და მის სიახლოვეს.გორში, გარემოზე ზემოქმედებას ახდენენ შემდეგი საქმიანობები: კვების მრეწველობა, ნავთობ პროდუქტების რეალიზაცია (ძირითადად - ბენზინგასამართი სადგურებიდან), ხე-ტყის დამუშავება, ცემენტისა და სამშენებლო მასალების წარმოება.

ატმოსფერული ჰაერის სტაციონარული დამაბინძურებლების მონიტორინგი მიმდინარეობს საქართველოს კანონის (მუხლი 37) „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ მოთხოვნიდან გამომდინარე და იგი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან (ობიექტებიდან) ფაქტიურად წარმოქმნილ, დაჭერილ და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა მაჩვენებლის ერთობლიობას
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები