ახალი ამბები
მიტროპოლიტ ანდრიას აზრით ,,გორის დღეები" ოქონობის დღესასწაულს უნდა დაემთხვეს
2018 წლის 30 სექტემბერს, კვირას, ,,გორის დღე" აღინიშნება. ისტორიული უბანი, დღეს, მერმა კოტე თავზარაშვილმა, გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ღონისძიების რეჟისორმა დაათვალიერეს. სახალხო სეირნობა 13:00 საათზე დაიწყება.

,,გორის დღეები" რამდენიმე წელია უკვე არსებობს, თანაც შემოდგომით დასვენების დღეებში. ატენისა და გორის ეპარქიის წინამღძღვარი, მეუფე ანდრია ითხოვს, რომ ,,გორის დღეების" აღნიშვნა ოქონობის დღესასწაულებს დაემთხვეს და დასვენების დღედ გამოცხადდეს. მეუფის მოსაზრება გუბერნატორს მედიის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე გააცნეს. გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის თაობაზე მეუფესთან საუბარი პირადად ჰქონდა. ,,იმისათვის, რომ ოქონობის დღესასწაული გამოცხადდეს დასვენების დღედ, ამისათვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება" - განაცხადა მან.

ოქონობა გაზაფხულზე იმართება. გორის დღეებზე კი, - ,,ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, აგროფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება შიდა ქართლში დაყენებული ღვინოების, თაფლის, ყველის, ჩირების, ყვავილების გამოფენა - გაყიდვა. ხალხური რეწვის ოსტატებისა, მხატვრების, ტატულაშვილის ორსაუკუნოვანი კერამიკის ნამუშევრების, მუზეუმების გამოფენები - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც „გორის დღეს“ მოსახლეობას ელოდება." - აღნიშნულია გორის მერიის დღევანდელ განცხადებაში.

მერიაში მიაჩნიათ, რომ 30 სექტემბრის ღონისძიება სახალხო დღესასწაულია. ამ დღეს რესტორანი ,, ბლექ სტარი“ უმასპინძლებს, როგორც ძველი სამიკიტნო, დაუკრავს მედუდუკეთა ანსამბლი და ხელსაყრელ ფასებში მოემსახურებათ მიკიტანი და მისი მიმტანები, დამსწრეები იმოგზაურებენ ძველ დროში.

ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში, გაცოცხლდება ძველი თამაში ლახტი. საბავშვო კუთხე შადრევანთან ელოდება პატარებს. ატრაქციონები, სახის მოხატვა, მსახიობები მთელი დღის მანძილზე ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ. გორის ციხის ფერდობებზე განლაგებულ ფაცხებში წარმოდგენილი იქნება სოფლის ნობათი. დაგეგმილია კლიპის პრეზენტაცია შიდა ქართლის შესახებ, რომელიც ჩვენი მხარის სავიზიტო ბარათი გახდება და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

30 სექტემბერს გორში სამი კონცერტია დაგეგმილი, წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი შემსრულებლები და ჯგუფები, ასევე თბილისიდან მოწვეული მუსიკოსები. ერისთავის თეატრში გაიმართება გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი.
საღამოს ღონისძიებებს ფოიერვერკი დაასრულებს
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები