ახალი ამბები
სოფელ იმერხევში დენის მიწოდების შემდეგ მუდმივმცხოვრებთა რაოდენობა არ გაზრდილა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევში მუდმივმცხოვრებთა რაოდენობა არ გაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლამდე ელექტროენერგია გაიყვანეს, მიგრაციის პრობლემა ისევ არსებობს. ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს.

იმერხევში, ამჟამად, 20-მდე კომლია დარჩენილი. ლერი კოკოევის თქმით, შემოდგომის შემდეგ, სახლების უმეტესობა იკეტება. მათი მეპატრონეები, სოფელში, ძირითადად, ზაფხულობით ჩადიან, თანაც დასასვენებლად: ,,მაგალითად, შარშან ბევრი ხალხი მოვიდა, როგორც დამსვენებელი. წელს აღარ. ამის მიზეზი გზაა, რომელიც ძალიან დაზიანებულია." - გვითხრა ლერი კოკოევმა.

იმერხევამდე მისასვლელი გზა იმდენად დაზიანებულია, რომ მსუბუქ ავტომანქანებს გარკვეულ მონაკვეთზე გადასვლა უჭირთ, განსაკუთრებით ნალექიან პერიოდში. აქ ყველაზე დაზიანებული მონაკვეთი ზღუდერიდან იწყებამდე. ზღუდერამდე კი, გზა მოასფალტებულია.

ზღუდერიდან იმერხევამდე მანძილი 6 კმ-ია.

2018 წლის გაზაფხულზე ქარელის მერიამ გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვით, მოხდებოდა ზღუდერი-იმერხევის გზის რეაბილიტაცია. თუმცა, როგორც ადგილზე მისვლისას ვნახეთ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არა თუ ზღუდერი-იმერხევის გზას, არამედ, სოფელ ზღუდერის შიდა გზას. დაახლოებით 1 კმ-ს. ახალი ასფალტი მთავრდება იქ, სადაც სოფელ ზღუდერი
მთავრდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები