ახალი ამბები
ქარელში დევნილს 1-ლარად სხვისი ბინა აჩუქეს
ქარელში, ყოფილი ტექნიკუმის შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახი მოატყუეს. მას 1-ლარად ის ბინა გადასცეს, რომელიც სხვას ეკუთვნოდა. მათ სახელმწიფოსგან ბინა ოფიციალურად 2012 წლის 10 სექტემბერს მიიღეს, შესაბამისად, ბინით დაკმაყოფილებულთა სიაში მოხვდნენ.

მოგვიანებით, 2014 წელს, საზღვარგარეთიდან დაბრუნდა სხვა ოჯახი საჯარო რეესტრის ამონაწერით. მათ განაცხადეს, რომ 75 კვ.მ ფართობის ოთახი მათი საკუთრება იყო. მოტყუებული ოჯახი კი, იძულებული გახდა ფართი დაეთმო.

საქმე იმაშია, რომ საერთო საცხოვრებლის მიტოვებულ კორპუსში დევნილები სხვადასხვა დროს შესახლდნენ. ფართების სარეგისტრაციო წარმოებაც სხვადასხვა დროს განხორციელდა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბინები ოფიციალურად 2012 წლის სექტემბერში გადასცეს, ეს იყო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი.

1-ლარად ნაჩუქარი ბინის დაცლის შემდეგ, მოტყუებულმა დევნილმა, ბინით დაკმაყოფილებულთა სიიდან ამოწერა მოითხოვა. ხაშურის სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.

ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო ამის წინააღმდეგ წავიდა.

სააგენტოს იურისტს მიაჩნია, რომ დევნილს დავა 2015 წლამდე უნდა დაეწყო, რადგან ქონების გადაცემის ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა 3 წელს მოიცავს. ხაშურის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონების შესახებ, დევნილმა ინფორმაცია 2014 წელს მიიღო, შესაბამისად, 2017 წელს ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული.

ქონების მართვის სააგენტომ ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ კი, 2018 წლის იანვარში უზენაეს სასამართლოს მიმართა. დღეს კი, უზეუნაეს სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში - საქმე Nბს-994-990(კ-17) - წერია, რომ ხაშურის სასამართლომ საფუძვლიანი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. დევნილი ბინით დაკმაყოფილებულთა სიიდან ამოიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები