ახალი ამბები
გალინა ქელეხსაევი: ,,ჩემი შვილი პენსიის ასაღებად გადმოსულ ხალხს ხელს ვერ შეუშლიდა"
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევა ამბობს, რომ ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.

გუშინ, 1 სექტემბერს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მაია ოთინაშვილს წინასწარი პატიმრობა ორი თვის ვადით შეუფარდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ბრალდებით, მაია ოთინაშვილი მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ,,საზღვრის გადაკვეთაში" ეხმარებოდა.

გალინა ქელეხსაევა ამბობს, რომ მისი შვილის ნაკვეთთან, დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან პენსიონერები გადმოდიან, თანაც პენსიის ასაღებად. ეს ის ადგილია, სადაც საცხოვრებელი სახლების ნაწილი მავთულხლართების მიღმა დარჩა, ნაწილი კი, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მოექცა. მავთულხლართები საცხოვრებლების სახლების ნაკვეთებზე გაავლეს.

,,როდესაც პენსიონერი პენსიის ასაღებად გადმოდის, ამას ჩემი შვილი ხელს როგორ შეუშლის? ეს თანხის აღების ბრალდება მათი მოგონილია. თუ თვითონ ვერ აკონტროლებენ ამ საზღვარს, ჩემმა შვილმა რა ქნას?" - ამბობს გალინა ქელეხსაევა.

მაია ოთინაშვილი 37 წლისაა. მას სამი შვილი ჰყავს. გალინა ქელეხსაევის თქმით, ორი თვიის შემდეგ, მის შვილს ჯანმრთელობის კუთხით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდება.

,,როგორც გაირკვა, რუსი სამხედროები ნაკვეთში იყვნენ ჩასაფრებულები. ჩემ შვილს კაკალი უნდა აეკრიფა. მოულოდნელად, სამალავიდან გამოვიდნენ და გადაიყვანეს მავთულხლართებზე. თან რაღაც შავი ნაჭერი გადააფარეს მავთულხლართებს, რომ ადვილად გადაეყვანათ" - ამბობს გალინა ქელეხსაევი. ის ძირითადად შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

ფოტოზე: გალინა ქელეხსაევი მეუღლესთან ერთად, ავტორი თაკო რობაქიძე
Print

სტატიის გამოყენების პირობები