ახალი ამბები
ყოჩიევს ტერმინი ,,ადამიანის გატაცებები" მიუღებლად მიაჩნია
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი, იგორ ყოჩიევი შეშფოთებას გამოთქვამს იმ რეაქციით, რასაც ქართული ტელეარხებით საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს.

ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ,,ოსინფორმი" აქვეყნებს. ყოჩიევი, რომელიც ერგნეთის შეხვედრებს ცხინვალის მხრიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი, ე.წ. საზღვრის დაცვისთვის გატარებულ ღონისძიებებს, საკუთარი პიარისთვის იყენებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ არა აქვს ადგილი ,,ადამიანების გატაცებებს". იგი საქართველოს ხელისუფლებას საზღვრების დემარკაციის პროცესში აქტიურ ჩართულობისკენ მოუწოდებს, რითაც, მისი აზრით, თავიდან იქნება აცილებული მსგავსი შემთხვევები.

საუბარი ეხება 2018 წლის 29 სექტემბერს დაკავებულ მაია ოთინაშვილის საქმეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ხურვალეთში მცხოვრებ ქალს, არასრულწლოვანის დედას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს კი, ყოჩიევის წარმომადგენელმა აცნობა, რომ წინასწარი პატიმრობა 10 დღეს გასტანს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სოფელ ბობნევიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ამ ეტაპზე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გაცვალეს და დიპლომატიურ კორპუსს ყველა ბერკეტის ამოქმედება სთხოვეს.

„თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სტრუქტურის მიერ ყველა მექანიზმი ამოქმედებულია, რაც ჩვენს ხელთაა, რათა მაია ოთინაშვილის გათავისუფლება მოხდეს. ცხელი ხაზით კომუნიკაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მივიღოთ და ამიტომაც არის ყველა ბერკეტი მობილიზებული. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა და ეჭვი შეიძლება არსებობდეს. ამოცანა ისაა, რომ ყველა შესაბამის ორგანიზაციას ჰქონდეს წვდომა მასთან. ცხელი ხაზით ასევე მოთხოვნილი იყო სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან, რაზეც ამ ეტაპამდე ცხელ ხაზს არანაირი დასტური არ მიუღია, რაც რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ეს მცდელობები აუცილებლად გაგრძელდება და უნდა გამოვთქვა იმედი, რომ ძალიან პრაგმატული და რაციონალური მიდგომა იქნება გამოყენებული.

„ჩვენ საქმე თავისთავად უკანონო ფაქტთან გვაქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც საუბარია ქალზე, სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელსაც ბავშვები სახლში ელოდებიან. ქალზე, რომელიც ამდენი წელია ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაში მავთულხლართების პირისპირ ცხოვრობს. როდესაც ასეთ მოქმედებებს აქვს ადგილი, ბუნებრივია ამას არანაირი, არც სამართლებრივი და არც ადამიანური გამართლება არ გააჩნია და ჩვენი მოთხოვნაცა და მცდელობაც იქითკენაა მიმართული, რომ ოჯახს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები