ახალი ამბები
ცხინვალში მაია ოთინაშვილი ჟურნალისტებს შეახვედრეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაკავებული მაია ოთინაშვილი ადგილობრივ ჟურნალისტებს შეახვედრეს. ამის ამსახველ ფოტომასალას ,,ოსინფორმი" ავრცელებს.

ჟურნალისტებთან საუბარში მაია ოთინაშვილმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, კოლონიაში კარგად ეპყრობიან და მშობლიურ სახლში სურს დაბრუნება. ჟურნალისტებთან მის შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივი შს სამინისტროს პრეს-სამსახურის მარია კოტაევას ბრიფინგიც გაიმართა.

მარია კოტაევამ განაცხადა, რომ მაია ოთინაშვილის დედა არის ეთნიკური ოსი, ასევე, მეუღლეც ეთნიკური ოსია: ,,შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ეთნიკური ნიშნით დევნაა გამორიცხეულია" - აღნიშნა მან.

მისი თქმით, მაია ოთინაშვილს ჰყავს ადვოკატი, რომელიც სისტემატიურად ნახულობს. ასევე, კოტაევამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ დაკავებული ქალბატონი 3 ოქტომბრის საღამოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

მაია ოთინაშვილი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, რუსი სამხედროების მეშვეობით, 29 სექტემბერს, საკუთარ მიწის ნაკვეთში დააკავა. თვითმხილველების ცნობით, სამხედროები ნაკვეთში ჩასაფრებულები იყვნენ. კაკლის ასაკრეფად ნაკვეთში მისული მაია ოთინაშვილი დააკავეს და ძალის გამოყენებით მავთულხლართებზე გადაიყვანეს.

ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავება მოხდა საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მაია ოთინაშვილის დედამთილი ამბობს, რომ მის რძალს საზღვარი არ გადაუკვეთავს. ასევე, მისი თქმით, აბსურდულია ის გარემოებაც, რომ მაია ოთინაშვილი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასვლა-გადმოსვლაში ეხმარებოდა.

მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევი ამბობს, რომ მისი შვილი ნაცემია. იგი წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებს მოუწოდებს, რომ მხოლოდ მაიას სიტყვებს ნუ დაუჯერებენ: ,,მაია იქ ვერ იტყვის ამას, ამიტომ, ვთხოვე წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებს, რომ მონახულებისას პირადად დაათვალიერონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - გვითხრა გალინა ქელეხსაევმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები