ახალი ამბები
დღეს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის ტელეპრემიერაა
დღეს, 6 ოქტომბერს, რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი  "მე არ გავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე", ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გავა. ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდს ეხება და რუსული ოკუპაციის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის მწარმოებლები არიან T-studio და Closs&co, ხოლო პარტნიორები - ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, კავკასიური სახლი და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2.

რეჟისორი: თომა ჩაგელიშვილი ოპერატორი: კახაბერ მშვიდობაძე მონტაჟი: ანა ლამაზაშვილი, ნოე ცანავა მონაწილეობენ: მალხაზ ვანიშვილი, დავით ვანიშვილი, ვალია ვანიშვილი, გოჩა მაკიშვილი

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის გაზაფხულზე პრაღაში საერთაშორისო კინოფესტივალზე One world შედგა. ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.

,,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლები იგებენ, რომ ახლად ჩამოყალიბებული (არაღიარებული) სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ცხოვრობენ. ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, სანამ რუსეთმა საზღვარზე მავთულხლართების გავლება არ გადაწყვიტა. მოულოდნელად, მეზობლები და ოჯახის წევრები მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ეს დოკუმენტური ფილმი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ეგუებიან ადგილობრივები ახალ მდგომარეობას. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ რუს მესაზღვრეებს და ღობეზე ძვრებიან, რათა ერთმანეთს დაეხმარონ მოსავლის აღებაში ან გაცვალონ სხვადასხვა საქონელი. სახლში სადილობის მაგივრად, ისინი საზღვარზე პიკნიკებს აწყობენ. მათ სურთ ადრინდელივით იცხოვრონ, მაგრამ საეჭვოა, ეს თუ ისევ შესაძლებელია." -
აღნიშნულია ფილმის ანოტაციაში.

თომა ჩაგელიშვილი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებ გადაღებული 30-ზე მეტი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2010 წელს, ფონდ Internews-თან თანამშრომლობით, გადაიღო დოკუმენტური სერიები „ევროპის მეზობლები“. 2010 წელს დააარსა დოკუმენტური ფილმების საპროდიუსერო კომპანია „T-Studio“
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები