ახალი ამბები
ახალგაზრდა მსახიობებმა ნართების თქმულებები სცენაზე გააცოცხლეს
უძველესი კავკასიური ეპოსი ახალგაზრდა მსახიობებმა ქართულ და ოსურ ენებზე გააცოცხლეს. ნართების თქმულებების თეატრალურ წარმოდგენას 9 ოქტომბერს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ღონისძიება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობის კვლევითი ცენტრის პროფესორი და არასამთავრობო ორგანიზაციის „კავკასიური მოზაიკა“ ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ გახსნა.  წარმოდგენის დაწყებამდე მაყურებელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა მიმართეს.

ნართების თქმულებების თეატრალური ვერსია 2018 წლის ზაფხულში „კავკასიური მოზაიკის“ ინიციატივით შეიქმნა. კავკასიური ეპოსის თეატრალური ადაპტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა. თეატრალური წარმოდგენას წინ უძღოდა ნართების თქმულებების ქართულ-ოსური ბავშვებისათვის ადაპტირებული ილუსტრირებული ვერსიის გამოცემა 2017 წელს.

ნართების თქმულებების ადაპტირებას, გამოცემასა და თეატრალურ სცენაზე გაცოცხლებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის შედეგად გამიჯნულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)
.





Print

სტატიის გამოყენების პირობები