ახალი ამბები
გორის მე-3 სკოლას იზორია და მისი მოადგილე ესტუმრნენ
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები გორში მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და პროექტი „ჩვენი ჯარი“ გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ემსახურება. პროექტი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. მ პროექტს სიმბოლურად ჰქვია „ჩვენი ჯარი“ ანუ ჯარი არის თქვენი. იმისთვის, რომ ის თქვენად გაითავისოთ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქალაქ გორის #3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს.

სამხედროების შეხვედრები საჯარო სკოლებში გაზაფხულზე დაიწყო და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განახლდა. მოსწავლეებთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობასა და ჩართულობას გულისხმობს. ამ კონტექსტში მან სამხედრო ბრიგადებში ჩატარებულ „ღია კარის დღეებზე“, საზაფხულო ბანაკებსა და საშუალო განათლების პროგრამაში თავდაცვის კომპონენტის დამოუკიდებელი საგნის სახით შეტანის შესახებ ისაუბრა.

ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს სამხედრო კარიერული განვითარების პერსპექტივებიც გააცნეს. მათ მოსწავლეებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პროექტს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. „ჩვენი ჯარი“ წელს გაზაფხულზე დაიწყო; პირველ ეტაპზე სამხედროები დაახლოებით 185 სკოლას ესტუმრნენ, ოქტომბერსა და ნოემბერში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე სკოლას ესტუმრებიან. „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ქვეყნის რეგიონებს ეტაპობრივად მოიცავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები