ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარე: ,,გორის მერს ვერ გადააყენებენ"
,,კოტეს ვერ გადააყენებენ. როგორ არის გადასაყენებელი მერი, როცა ამომრჩეველთა 55%-მა მისცა ხმა."- ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, იაფფასიანი ტრიუკების წყალობით, კონკრეტული ჯგუფები ქულების დაწერას ცდილობს:

,,რას ერჩიან კოტე თავზარაშვილს? საკრებულოში მას ვერ გადააყენებენ. 40 დეპუტატიდან 32 დეპუტატი მხარს უჭერს. ხელმოწერებსაც კი ვერ შეაგროვებენ. დავუშვათ, 20 ათასი კაცის ხელმოწერა შეაგროვეს, საკრებულოზე მაინც ვერ მიაღწევენ შედეგს" - ამბობს რაზმაძე.

გორის მერის გადაყენებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ითხოვენ. საკრებულოს წევრმა ბექა ქორჩილავამ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ჯერ კიდევ ზაფხულში მოითხოვა. სამანდატო საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამის შემდეგ, ბექა ქორჩილავამ სასამართლოს მიმართა და სამანდატო საპროცედურო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

ბექა ქორჩილავას მტკიცებით, თანამდებობაზე ყოფნის დროს, გორის მერი კომპანია ,,მარინას" დირექტორის პოზიციას ითავსებდა.

ოპოზიციის გარდა კონსტანტინე თავზარადშვილის გადადგომას სამოქალაქო საზოგადოებაშიც ითხოვენ. manifest.ge-ზე პეტიციაც შეიქმნა და თავზარაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება.

მანიფესტის მიხედვით, გორის მერის სკანდალურმა განცხადებამ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია. მაღალი თანამდებობის პირმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა და თქვა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბა.

,,ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ" - ეს განცხადება გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, 2008 წლის ომზე საუბრისას გააკეთა. „ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ ხომ? ჩვენ მერე მეორე დილით გავიგეთ,რომ გავიღვიძეთ რვაში ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით ჰოო. ამაზე კითხვას რომ უსმევთ, იმათაც რომ გამოესროლათ ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა?!...“ – ამბობს მოსახლეობასთან შეხვედრისას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

შეხვედრისას თავზარაშვილმა რასისტული განცხადებაც გააკეთა და აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი "ზანგად" მოიხსენია. ვიდეო, სადაც გორის მერი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, ტელეკომპანია "თრიალეთმა" გაავრცელა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები