ახალი ამბები
ომის მუზეუმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართება
22 ოქტომბერს, ერგნეთში, ომის მუზეუმში გაიმართება შეხვედრა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ,,ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების" გეგმის მიხედვით, აღებული ვალდებულებების შესრულებას მიეძღვნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრას სამინისტრო აწყობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით.

შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრები დაესწრებიან.

მოწვეული სტუმრები გალში და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ და ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ IPRM-ის ბოლო შეხვედრა ერგნეთში მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩაიშალა, მას შემდეგ მხარეები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში აღარ შეკრებილან.

რიგით 89-ე შეხვედრაზე, ერგნეთის სხდომის დატოვებამდე ოსურმა დელეგაციამ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი, რაზეც ქართული მხრიდან კატეგორიული უარი მიიღო. შერიგებისა და თანასწორობის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ვითარებაში და ის აუცილებლად უნდა აღდგეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები