ახალი ამბები
გორის საინფორმაციო ცენტრში ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივები განიხილეს
გორის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა დისკუსია, რომელსაც კონფლიქტის ზონის სოფლების წარმომადგნლები, ასევე თემით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მომხხსენებლები იყვნენ ჟურნალისტი გოგა აფციაური და ამერიკის ყოფილი ელჩი არჩილ გეგეშიძე.

ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების ფაქტებმა ბოლო პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო.

“გარკვეული მოხსენება გავაკეთე დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით, იმ ვითარებაზე, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველდღიურად ადამიანების დაკავება, პრობლემები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, ფერმერებსთვის, მწყემსებისთვის და ასე შემდეგ. ამ დისკუსიის ფარგლებში ვცდილობდით, რაღაცა გზები მოგვეძებნა, რომელიც დაგვაკავშირებს იმ საზოგადოებასთან, რომელიც განწყობილია მშვიდობისთვის. საუბარია მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ საზოგადოებაზე. იქაური საზოგადოება შეიძლება ითქვას, რომ იზოლაციაშია, უფროსწორად, მათ აქცევენ იზოლაციაში, მაგრამ არიან ადამიანები და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მონდომებულია, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს“,-აღნიშნა გოგა აფციაურმა.

ქართულ-ოსური ურთიერთობების მშვიდობიანი მოგვარების გზებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება შეხვედრის კიდევ ერთმა მომხსენებელმა, არჩილ გეგეშიძემ. მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ქართულ-ოსური ურთიერთობების გაუმჯობესება გართულდა.

“შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ აუტანელი ვითარებაა, რადგან ის ციფრები, სტატისტიკა, ამბები რაც ხდება, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებაში, მიუთითებს იმ არანორმალურ ვითარებაზე, რაც დღეს დგას ქართულ-ოსურ ურთიერთობებში. ფაქტიურად ეს კრიზისი გრძელდება, 2008 წლის შემდეგ 10 წელი გავიდა და კი არ გაუმჯობესდა, არამედ გართულდა ურთიერთობა. ფიზიკური ბარიერებია აღმართული ქართველებსა და ოსებს შორის და ნებისმიერ მშვიდობიან ინიციატივას, სურვილს, რომ მოსახლოებას შორის აღდგენს რაღაც კავშირები, წინ ეღობება დესტრუქციული მანქანა რუსული ოკუპაციის სახით“,-განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

დისკუსია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის “ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის“ და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტის ფარგლებში გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები