ახალი ამბები
გიგა მაქარაშვილი გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსის დასჯას ითხოვს
აქტივისტი, რომელსაც გორის მერიასთან მომხდარი ინციდენტის დროს თავზე ნაგავი დააყარეს, დამნაშავე პირების დასჯას უკვე საპროტესტო აქციებით მოითხოვს, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მან თავად განუცხადა. ის ფიქრობს, რომ დაზარალებულად მხოლოდ იმიტომ არ ცნეს, რომ პირი, რომელმაც თავზე ნაგავი დააყარა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცოლის ძმაა.

"ყველა კანონიერ ზომას მივმართავ, რომ დაუსჯელი არ დარჩეს არცერთი დამნაშავე. მათ შორის იმ ბატონს უნდა მოეთხოვოს პასუხი, რომელმაც თავზე ნაგავი დამაყარა და მერიაში ისევ იკავებს თანამდებობას. არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მხოლოდ იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცოლის ძმაა. არჩევნების შემდეგ ფარტობასშტაბიან აქციებს დავიწყებ და ამ გზით მოვითხოვ ჩემი უფლებების დაცვას. ეს ყველაფერი კი რაც ახლა ჩემს მიმარტ ხორციელდება არის ხელისუფლების მხრიდან ცინიზმი"-აცხადებს გიგა მაქქარაშვილი.

ორი კვირის წინ გორის მერის განცხადების გამო (აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულების შესახებ) აქცია გაიმართა, მისმა მონაწილეებმა მერიასთან პროტესტის ნიშნად ფუნა და საკენკი დაყარეს, რის გამოც პოლიციამ ისინი დააჯარიმა. დემონსტრანტებმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. როგორც აქციის ერთ–ერთი მონაწილე გიგა მაქარაშვილი აცხადებს, გორის მერიის თანამშრომელმა მას თავზე, ურნაში აქტივისტების მიერ შეგროვებული ნაგავი, მათ შორის – ფუნა და საკენკი დააყარა

აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის პრეტენზიებისა და უკმაყოფილების საპასუხოდ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. რომლის მიხედვით, გამოძიების პროცესში, გამოკითხვის დროს გიგა მაქარაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა აღარ დაადასტურეს მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. შემდეგ კი მომართეს პროკურატურას და ითხოვეს საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა, ასევე მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობა. "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლი მოიცავს პირის დამცირებას, ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

შეესაბამება თუ არა კანონის მიხედვით, გიგა მაქარაშვილის მდგომარეობა მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, დადგინდება საქმეზე დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზით, რომლის პასუხიც გამოძიებას ჯერ არ მიუღია. შესაბამისად, მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობას სჭირდება საფუძველი, ამ შემთხვევაში სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა მაქარაშვილი ცნობილი დაზარალებულად.

ყოველივე ეს, მაქარაშვილს და მის უფლებადამცველს ზედმიწევნით განემარტათ და წერილობით ეცნობათ."-წერია პროკურატურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები