ახალი ამბები
9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა
9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 14 წლის წინ, სხვა ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისთვის გამოძიებას ბრალი არ წაუყენებია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედა, ხათუნა ბერძნიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, დაკავებული ი.ნ. მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა.

,,ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11-წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე“ - აცხადებს ხათუნა ბერძნიშვილი.

ი.ნ. 2004 წელს დაკავებიდან ძალიან მალე სახალხო დამცველის განცხადებაში მოხვდა. სოზარ სუბარი მისი ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევას სთხოვდა.

დაკავებული, რომელიც მაშინ 22 წლის იყო, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, დროებითი დაკავების საკანში, სასტიკად ნაცემი ნახა. ის ამბობდა, რომ გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალის აღიარების მიზნით სცემეს და დაემუქრნენ.

გაუჩინარებული ბიჭის დედა ამბობს, რომ 14-წლის წინ მომხდარი ფაქტი დღემდე გამოუძიებელია.

,,ძალიან ბევრი ვიარეთ, სხვადასხვა ინტანციებში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო.“ - ამბობს ხათუნა ბერძნიშვილი
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები