ახალი ამბები
გორის 1-ლი ბაგა-ბაღის დირექტორის განცხადება დააკმაყოფილეს
გორის 1-ლი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის პოსტს ლალი ბაიაძე ოფიციალურად აღარ იკავებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ გუშინ საღამოს დააკმაყოფილა. ლალი ბაიაძემ სააგენტოს ოფიციალური წერილით 10 დღის წინ მიმართა.

,,ქალბატონ ლალი ბაიაძეს გუშინ საღამოს 18 საათამდე ველოდებოდი. მისი მოთხოვნა დღის ბოლოს დავკმაყოფილე" - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა.

გორის 1-ლი ბაგა-ბაღის დირექტორმა ლალი ბაიაძემ, სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადება ოფიციალურად 16 ოქტომბერს დაწერა. მანამდე, 12 ოქტომბერს პერსონალს დაემშვიდობა. იგი გორის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბაგა-ბაგს 16 წელი ხელმძღვანელობდა.

ლალი ბაიაძემ განაცხადა, რომ ის საბავშვო ბაღს ტოვებდა შემდეგი მიზეზების გამო: ,,მე არ მინდა 1. ბაგა-ბაღებს სააგენტო მართავდეს 2. ბაგა-ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი ა(ა)იპი ... და 3. ვერ წარმომიდგენია ბაგა-ბაღს შენობაში შტატით არ ყავდეს მეთოდისტი ... ( სხვა შტატებზე ყურადღება თქვენ გაამახვილეთ): ყველაზე მთავარი, ჩემი დირექტორობის პერიოდში სამჯერ განახლებულ ბაგა-ბაღს არ მინდა ისეთი ხელმძღვანელი ყავდეს რომელსაც დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევენ! და თითს უქნევენ!" - დაწერა ლალი ბაიაძე სოციალურ ქსელში.

16 ოქტომბრის განცხადებაში ვკითხულობთ: ,,#1 სკოლამდე აღზრდის საჯარო დაწესებულებაში განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გამხადა მოგმართოთ განცხადებით ჩემი არსებული თანამდებობის დატოვების შესახებ" - სწერს ლალი ბაიაძე სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელს.

ლალი ბაიაძე განმარტავს, რომ მას ბრალი, თანამშრომლებთან კონფლიქტის შესახებ, უსამართლოდ წაუყენეს:

,,2002 წლიდან ვმუშაობდი აღნიშნულ ბაგა-ბაღში დირექტორად. ამ წლების განმავლობაში ბაგა-ბაღი ძლიერი გუნდით მუშაობდა. არასოდეს მომხდარა კონფლიქტი. ბრალდება, რომ ბაგა-ბაღის თანამშრომლები ჩემ გამო ტოვებენ სამსახურს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. უსამართლო და შეურაცხმყოფელია. რის გამოც, მოვითხოვ სამსახურიდან გამანთავისუფლოთ" - აღნიშნულია განცხადებაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრა გაარკვია, რომ ,,ექთნის საქმე" გორის მერის კაბინეტში განიხილეს, სადაც ესწრებოდნენ გორის მერი, კოტე თავზარაშვილი, მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი და ბაღის დირექტორი ლალი ბაიაძე. განიხილეს ექთნის პრეტენზია დირექტორის მიმართ. რაც, შეხვედრის მონაწილეებს შორის, კამათის საფუძველი გახდა. სწორედ, ამ შეხვედრის შემდეგ განუცხადა ლალი ბაიაძემ თანამშრომლებს, რომ ბაღი არ იმსახურებს შელანძღულ დირექტორს.

ლია კოვზიაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას ნინო წერეთელი ასრულებს:

,,ქალბატონმა ლალიმ თავდაპირველად მოგვმართა, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დროებით ტოვებდა სამსახურს. ამ განცხადების საფუძველზე მოვალეობის შემსრულებლად დავნიშნეთ მნე - ქალბატონი ნინო წერეთელი. ნინო წერეთელი დღესაც ასრულებს მოვალეობის შესრულებას. ჩვენ ამ ეტაპზე საბავშვო ბაღში რაიმე სხვა ცვლილების განხორციელებას არ ვგეგმავთ" - განმარტავს ლია კოვზიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები