ახალი ამბები
დევნილებს გაეროს რეზოლუცია ,,1325" გააცნეს
დღეს, დევნილთა დასახლებაში,  გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესახებ, ბუკლეტები დაარიგეს. გოგონებისა და ქალების უსაფრთხოდ ცხოვრების მნიშვნელობაზე ნაზი ბერუაშვილმა იმ დასახლების მცხოვრებლებს უამბო, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხოვრობს.

69 წლის ნაზი ნაზი ბერუაშვილი პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილია. 2008 წლის აგვისტოს ომმა მისი ოჯახი ორ ნაწილად გაყო. მისი შვილი და შვილიშვილი ცხინვალში ცხოვრობენ და უკვე ათი წელია მათთან მხოლოდ ტელეფონით და სოციალური ქსელით კონტაქტობს. აგვისტოს კონფლიქტმა როგორც თავად ამბობს ახალი გამოწვევების წინაშე აღმოაჩინა და გადაწყვიტა დევნილობაში ცხოვრებისას მშვიდობის მშენებლობის პროცესში აქტიურად ჩართულიყო და ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოდ ცხოვრების მნიშვნელობაზე საკუთარი სათქმელი ეთქვა.

„ომმა ორივე მხარე დაგვაზარალა, ოჯახები ორ ნაწილად გაყო, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში ქალები და გოგონები აღმოჩნდენ. ეს საკითხი ორმაგად მგრძნობიარეა ჩემთვის. ჩემი გოგო და მისი ქალიშვილი ცხინვალში ცხოვრობენ და ვიცი რამდენად მტკივნეული საფიქრალია იმ ახლობელი ადამიანების უსაფრთხოდ ცხოვრების საკითხი, რომლებსაც პირადად ვერ ხედავ“-ამბობს ნაზი ბერუაშვილი.

„ეს აქცია ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის წევრებმა მოვაწყეთ, რომლის უმრავლესობა დევნილები და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალები ვართ. დღეს 18 წელი გავიდა რეზოლუციის 1325 -ის მიღებიდან, რომელიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება განსაკუთრებით გოგონებისა და ქალებისათვის. ამ ღონისძიებით ინფორმაცია მივაწოდე მოსახლეობას ამ დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ. ომ გამოვლილმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს რეზოლუცია სწორედ ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზეა. ამის შემდეგ სხვა რეზოლუციებიც დაიდო, მაგრამ ჩემი აზრით 1325-მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.“-ამბობს ნაზი ბერუაშვილი.

მისივე განმარტებით საინფრმაციო ბრუშურებით კაცებიც დაინტერესდნენ, თუმცა ერთი პატარა შენიშვნით. მისი თქმით, დევნილი კაცები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ყველაფერი მხოლოდ ქალებზე იწერება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხიც.

„ძალიან ბევრმა არ იცოდა რას ეხებოდა ეს რეზოლუაცია. მე კი ავუხსენი, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ 2000 წლის 31 ოქტომბერს, ერთხმად მიიღო და აღიარა, ასევე განვუმარტე, რომ ეს დოკუმენტი სწორედ ქალებისა და გოგონების უსაფრთხოებას და მშვიდობას ეხება. ეს რეზოლუცია ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ ჩაერთონ მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების შესრულების პროცესში.“

აღნიშნული აქციით გაეროს უსაფრთხოების საყოველთაო რეზოლუცია 1325-ის მიღებიდან 18 წელი აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორი კი ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი იყო, რომლის წევრიცაა ნაზი ბერუაშვილი. ორგანიზაციამ ამ თარიღთან დაკავშირებით ბუკლეტები და შარფები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დაარიგა.

„აღნიშნული დოკუმენტით კვლავ დასტურდება ქალების მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტების პრევენციაში, მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში. რეზოლუცია აღიარებს სამშვიდობო პროცესებში გენდერული ხედვის გატარების აუცილებლობას და შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას.“-ნათქვამია აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2000 წლის 31 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია 1325 – „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, რომელიც, თანმდევ რეზოლუციებთან ერთად აღიარებს გოგონებისა და ქალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საჭიროებებს კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ვითარებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები