ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი გამყოფი ხაზის გადაკვეთის გამო დაკისრებულ ჯარიმის ოდენობას ზრდის
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი უახლოეს სხდომაზე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონპროექტს განიხილავს.

ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

მანამდე კანონპროექტი დე ფაქტო მთავრობამ მოიწონა. ის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს 20 ათას რუსულ რუბლამდე.

„კანონპროექტი ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის, ვინაიდან არსებული ჯარიმის ოდენობა არ არის ეფექტური და ხელს არ უწყობს კანონდარღვევების რაოდენობის შემცირებას“, - განაცხადა ე.წ. პარლამენტარმა სერგეი ხარებოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმის ოდენობის გაზრდა შეამცირებს „უკანონო გადაკვეთის“ რაოდენობას და ხელს შეუწყობს ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდას.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა გათავისუფლებისთვის გათვალისწინებული ე.წ. ჯარიმა გააორმაგა. თუ აქამდე დაკავებულთა ოჯახს 2000 რუსული რუბლის გადახდა უწევდათ, წელს უკვე ეს თანხა 5000 რუბლამდე გაიზარდა. რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 200 ლარს აღწევს.

მიმდინარე წელს ცხივალის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვმა სუსის ინფორმაციით უკვე 70-ს გადააჭარბა. ბოლო ერთ თვეში უკვე საქართველოს 12 მოქალაქეა დაკავებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი მათი რიცხვი 1090-ით განისაზღვრება.

ე.წ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში რჩება და მისი გათავისუფლება ჭიანურდება.

განმეორებით დაკავების შემთხვევაში ე.წ. ჯარიმის თანხა ორმაგდება. მესამედ დაკავებისას კი პირს უკვე რამდენიმეთვიანი პატიმრობა ემუქრება. ცხინვალის ე.წ. ბიუჯეტში საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი ე.წ. ჯარიმის თანხა 2008 წლის შემდეგ დღემდე მინიმუმ 82 840 (1 ლარი=0.038 რუსული რუბლი) ლარს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები