ახალი ამბები
წითელუბანში მთავარ გზას ,,მშვიდობის ქუჩას" დაარქმევენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში ცენტრალურ ქუჩას ,,მშვიდობის" სახელს მიანიჭებენ. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტს თხოვნით მიმართეს.

გადაწყვეტილების პროექტი გორის მერიაში უკვე მოიწონეს. წერილის მიხედვით, წითელუბნელები ,,მშვიდობის ქუჩის" დაარსებას, ჯერ კიდევ, 2016 წლიდან ითხოვენ.

ზურაბ კუდუხაშვილი იხსენებს, რომ თავის დროზე, ქუჩისთვის სხვა სახელის მინიჭებას ითხოვდნენ:

,,ნაწილი ითხოვდა, რომ ქუჩისთვის ერთ-ერთი მოწინავე მუშის სახელი მიენიჭებინათ, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობდა." - აცხადებს კუდუხაშვილი. 2014-2017 წლებში ის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იყო ამ სოფლიდან.

წითელუბანში ოფიციალურად 260-მდე კომლია რეგისტრირებული. დასახლება შავშვების ტერიტორიულ თემში შედის. მერის რწმუნებულის მთავარი სპეციალისტი მანანა თვაური ამბობს, რომ მშვიდობის სახელის მინიჭება უკავშირდება სოფელში სხვადასხვა თნიკური მოსახლეობის არსებობას:

,,მოგეხსენებათ, წითელუბანში ცხოვრობენ ოსები და ქართველები, აქ, მათ შორის, არიან მაჰმადიანი ქართველები და აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტები. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მშვიდობის ქუჩის დაარსება" - აცხადებეს მანანა თვაური.

გორის მერიამ პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გაუგზავნა. გორის საკრებულო ამ საკითხს 9 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები