ახალი ამბები
რესურსცენტრი: ძალადობის ფაქტს მოსწავლეები არ ადასტურებენ
გორის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე დისციპლინურ კომიტეტს არ უმსჯელია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მსგავს ფაქტს არც მოსწავლეები და არც მშობლები ადასტურებენ.

,,კლასში მომხდარი გარკვეული სახის ინციდენტის შესახებ, ერთი თვის წინ, კლასის დამრიგებელმა შეიტყო. გამოკითხა მოსწავლეებიც და სხვა პედაგოგებიც, თუმცა ძალადობის შესახებ, არავის დაუდასტურებია. შესაბამისად, სკოლის სადისციპლინო კომიტეტი მასწავლებლის ქმედების შესახებ, ვერ იმსჯელებდა და ვერც რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუნდაც ეს გაფრთხილება ყოფილიყო." - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

მისი ინფორმაციით, პედაგოგი ამჟამად შვებულებაშია ჯანმრთლეობის მდგომარეობის გამო. სკოლის დირექტორი კი, ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა უფლებადამცველმა აცნობა, რომ მეექვსე კლასის მოსწავლეს, პედაგოგის მითითებით, თანაკლასელებმა ქაღალდის ნაჭერი პირის ღრუში მოათავსებინეს. კერძოდ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდაპირველად, მოსწავლემ დაკეცილი ქაღალდი გაკვეთილის მიმდინარეობისას ისროლა. პედაგოგმა კი, თანაკლასელებს დაავალა ამ მოსწავლის დასჯა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები