ახალი ამბები
დევნილებს ,,სოკარმა" 2008-2015 წლებში დაგროვებული გაზის დავალიანებები შეახსენა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად დევნილთა დასახლებაში 7-წლის განმავლობაში დაგროვებული დავალიანების გადახდა შეახსენეს. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ შავშვებთან მდებარე კოტეჯებში მცხოვრები მოსახლეობა ესაუბრა.

მათი თქმით, რამდენიმე ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს. ,,სოკარ ჯორჯია" მხოლოდ ერთ დათმობაზე მიდის -  მიმდინარე გადასახადს დევნილთა ოჯახებმა ყოველთვიურად 15 ლარი უნდა დაამატოს.

გადასახდელი თანხის ოდენობა ბევრი ოჯახისთვის საკმაოდ დიდია. მაგალითად, სოფიკო წიქარიძეს დამატებით 500 ლარი აქვს გადასახდელი. ელენე ნადიბაიძეს კი, იმის საშუალებაც არა აქვს, რომ თანხის გადანაწილების თაობაზე ხელშეკრულების დასადებად გორში, სოკარ ჯორჯიას ოფისში ჩავიდეს.

,,გამოვიდა ისე, რომ ბუნებრივი აირი დაგვახარჯინეს და მერე თანხა მოგვთხოვეს. ,,ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში თანხას საერთოდ არ გვახდევინებდნენ. რაც ეს მთავრობა მოვიდა, მას შემდეგ დაიწყო ეს ამბები" - ამბობს სოფიკო წიქარიძე. 

დევნილთა დასახლებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა. კოტეჯებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სისტემები მოსახლეობას გამზადებული დაახვედრეს. იხსენებენ, რომ ყოველთვიური სუბსიდია 50 ლარის ოდენობით იყო გათვალისწინებული. ზოგი ოჯახი დენს და გაზს ამ ლიმიტის ფარგლებში ხარჯავდა. ზოგი კი, უფრო მეტს.

,,სოკარის" გორის სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი გრიგოლაშვილი ამბობს, რომ დოტაცია 2015 წლიდან შეწყდა, თუმცა, როგორც ახსოვს, სახელმწიფო დევნილებს სხვა ფორმით ეხმარება.

,,დევნილთა დასახლებებში ბუნებრივ აირს იმ პერიოდიდან ხარჯავდნენ, რა პერიოდშიც დასახლდნენ. დავალიანება მოიცავს სრულ პერიოდს, კერძოდ, 2008-დან მოყოლებული 2015 წლის ჩათვლით. ჩვენმა კომპანიამ უპრეცედენტო შეთავაზება გააკეთა, ამჯერად, უკვე მეორედ. დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზეთ, რომ ყოველთვიურ გადასახადს დაუმატონ 15 ლარი. არსებული დავალიანების პირობებში ზოგის თანხა გადანაწილებულია ერთი წლით, ზოგის ორი, ზოგის უფრო მეტი ვადით" - აცხადებს გრიგოლაშვილი.

,,სოკარის" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ამ ეტაპზე არავისთვის შეუწყვეტიათ
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები