ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ატოცის მოსახლეობას შეხვდა
საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ატოცელებს შეხვდა. პრეს-სამსახურის ცნობით, კანდიდატი ადგილობრივი მცხოვრებლების მდგომარეობით დაინტერესდა. 

ის, გენერლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მივიდა.

„ეს არის ის, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკვილია დღეს, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს, არ აქვს პირობები, რათა მშვიდად იმუშაოს. პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ატოცში იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის. მისი თქმით, სოფელში ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა ამ დრომდე დარჩენილი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - წყლით უზრუნველყოფა. სოფელში უკვე აშენდა ჭაბურღილი, მოწყობილია ქსელიც და დღეიდან დაერთების სამუშაოები დაიწყება, რის შემდეგაც სოფელი სასმელი წყლით სრულად მომარაგდება.

„ზოგადად, ამ სოფლების დიდ ნაწილში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულია. ძალიან ბევრ სოფელში წყალი საერთოდ არ იყო. ახლა კი 33 მათგანში აშენდა და მოეწყო ჭაბურღილები და სატუმბი სისტემები. დარჩენილია სულ 26 სოფელი და აქედან 17-ში წლის ბოლომდე დასრულდება. ანუ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ამ სოფლებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა მთლიანად ამოვწუროთ.

„მოსახლეობას სხვა გადაწყვეტილებებიც გავაცანი - გამოსაზამთრებლად თითოეულ ოჯახს გაზის 200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა, ატოცის სკოლის კურსდამთავრებულებმა წელს სახელმწიფოსაგან სტიპენდიები მიიღეს და მინდა, რომ ამ სოფელში გაცილებით მეტი ბავშვი სწავლობდეს და ხარობდეს მიუხედავად იმ დიდი წნეხისა და შიშისა, რაც ბუნებრივად არსებობს, რადგან სულ რამდენიმე მეტრში რუსი ჯარისკაცები მავთულხლართებს აბამენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამის მიუხედავად მოსახლეობა წელში გამართული იყოს. ბევრი სამუშაო გავწიეთ, კიდევ უფრო მეტი დაგვჭირდება, მაგრამ აუცილებლად შევძლებთ“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები