ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ატოცელებისთვის
ატოცელი ისიდორე ბირთველიშვილი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოგვარდება. ამის საფუძველს, ევროპელ ლიდერებთან საპრეზიდენტო კანდიდატის კავშირები და ხშირი შეხვედრები აძლევს. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტიც ბევრს ეწვალა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

სოფელ ატოცში დღეს სალომე ზურაბიშვილი გენერლებთან ერთად ჩავიდა. მან საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა და განცხადება იქიდან გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა საოკუპაციო ხაზია, სადაც რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის დროს სოფელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. ნიკა მელიას რაიონის ყოფილი გამგებელი ილია ბურჯანაძე ახლდა. სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის დროს ,,უნამუსო და ჩათლაშკა" ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულმა პირმა ლანა ღვინჯილიამ უწოდა. ლანა ღვინჯილია სალომე ზურაბიშვილისგან მოითხოვდა პასუხს შემდეგ კითხვაზე: ვინ დაიწყო ომი.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცის ცენტრში ყოფნისას შეამჩნიეს, რომ რამდენიმე სახლის კარზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატები იყო გაკრული. ადგილობრივი მკვიდრი ამბობს, რომ მანქანიდან გოგონა გადმოვიდა, რომელმაც ზურაბიშვილის პლაკატზე სტიკერი გადააკრა.

,,ეს ჩემი სახლის კარებია. ვუთხარი, რატომ აკრავ-მეთქი და ავახიე. კიდევ გავაკრავო, ვუპასუხე, კიდევ ავახევ-მეთქი. შენც მოღალატე ყოფილხარ ჩათლახოო“ - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.

ატოცელი ზურა ბირთველიშვილის თქმით, სოფელ ყურადღება ჭირდება, რათა მოსახლეობისგან არ დაიცალოს. ,,მართალია წყალი და გაზი გვაქვს, მაგრამ მოსახლეობას შემოსავალი არა აქვს. თუ ამას მიაქცევენ ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება“ - აცხადებს ზურა ბირთველიშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბრის არჩევნებზე პირველი ტური წააგო.

საერთო ამომრჩევლის რაოდენობა სოფელში 350-ია. საარჩევნო უბანთან გამოცხადდა 190 ამომრჩეველი. აქედან სალომე ზურაბიშვილს 59-მა მისცა ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 77-მა ამომრჩეველმა. ,,ევროპულ საქართველოს“ კი, - 34-მა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები