გუბერნატორი: ,,საარჩევნოდ დაიწყეს ჩამოსვლა ისრაელიდან, მოსკოვიდან"
19:29 / 13.11.2018
გორის ცენტრში შეკრებილ ამომრჩევლებს დღეს
საღამოს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სალომე
ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. წინასაარჩენო შეხვედრა
არასამუშაო დროს 18 საათზე დაიწყო.
ხოჯევანიშვილთან ერთად გორის მერი კოტე თავზარაშვილი და საკრებულოს
თავმჯდომარე დავით რაზმაძე იმყოფებოდნენ. მთავარი განსახილველი თემა
ის პროექტები იყო, რომელსაც მერია ახორციელებს და მომავალშიც
გეგმავს.
,,თქვენ უკვე ხედავთ, როგორი მობილიზაციაა არჩევნების მეორე
ტურისთვის. ჩამოდიან ისრაელიდან, მოსკოვიდან გორელი მოქალაქეები, რათა
მხარდაჭერა გამოუცხადონ სალომე ზურაბიშვილს. ასევე, ის გორელები,
რომლებიც წასულები არიან სხვაგან, ისინიც ბრუნდებიან. ვისთანაც
მიგიწვდებათ ხმა, აუცილებლად გააგებინეთ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე" -
განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ პირველი ტურის მარცხი
თვითდაჯერებულობამ გამოიწვია: ,,მოგეხსენებათ, რა დიდი წარმატებით
მივაღწიეთ გამარჯვებებს 2012 წლის შემდეგ. ამან გამოიწვია ის, რომ
წლევანდელ არჩევნებზე ასეთი შედეგი ვაჩვენეთ" - აცხადებს კოტე
თავზარაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები