ახალი ამბები
შს მინისტრი: წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის (VIDEO)
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ომის ვეტერანებთან ერთად იმყოფებოდა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრთან გია ყარყარაშვილთან ერთად, გახარიამ შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მინისტრი შინდისის მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის ვეტერანებთან ერთად მისულიყო შინდისის გმირების მემორიალთან, აქ ეთქვა მათთვის, რომ საოკუპაციო ხაზი დღეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ის ადამიანები ვინც ომის დროს იბრძოდნენ, სახელმწიფო მათ ყოველთვის გვერდით დაუდგება.

,,ადამიანები რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ აქ, სისხლს ღვრიდნენ და სიცოცხლეს წირავდნენ, ის ხალხი რომელიც ომის დროს თქვენს გვერდით იდგნენ და ამ მიწა-წყალს იცავდნენ, მინდა იცოდეთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ მათგანს დაუდგება გვერდით.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად სოფლებში შინდისსა და ნიქოზში შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები