ახალი ამბები
დავით ალადაშვილი: რუსეთის ოკუპაციის პირობებში, საქართველოში ყოველდღიურად ირღვევა ქალებისა და ბავშვების უფლებები
ევროპის საბჭოში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი თემა გენდერული თანასწორობა და განვითარებად ქვეყნებში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაა.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელებმა ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში ოკუპაციის საწინააღმდეგო ბანერები გაშალეს წარწერებით – „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ და „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა“.

დარბაზში სიტყვით პიანისტი დავით ალადაშვილი გამოვიდა. მან იქ მყოფ საზოგადოებას ხურვალეთში რუსი ჯარისკაცების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის საქმე შეახსენა და განაცხადა, რომ რუსეთის ოკუპაციის პირობებში, საქართველოში ყოველდღიურად ირღვევა ქალებისა და ბავშვების უფლებები, თითოეული მოქალაქის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

„რუსული ოკუპაცია თანაბრად არღვევს ქალებისა და კაცების უფლებებს ჩემ ქვეყანაში. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ვისაუბრებთ გენდერულ თანასწორობაზე გამთლიანებულ საქართველოში“, – განაცხადა დავით ალადაშვილმა.

ფორუმს რომელსაც ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა, 19 ნოემბერს დაიწყო და 21 ნოემბერს დასრულდა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები