ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი გლეხებს ევროპის ბაზარზე პროდუქციის გატანას პირდება
საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, შვილთან თეიმურაზ გურჯესტანთან ერთად, გორში, ხილის გადამამუშავებელი საწარმო ,, კულა’’ დაათვალიერა.

საწარმოს ხელმძღვანელმა, ვანო გოგლიძემ საპრეზიდენტო კანდიდატს განუცხადა, რომ კომპანიის პროდუქციის 50% ექსპორტზე ევროპის, ამერიკის, კანადის, ასევე მეზობელ აზერბაიჯასა და სასომხეთის ქვეყნებში გადის, დანარჩენი 50% კი, საქართველოში იყიდება.

,,საწარმო ძირითადად ექსპორტზეა დამოკიდებული და ადგილობრივი გლეხებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ თუ მოხდება პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა.“ - აღნიშნა ვანო გოგლიძემ.

ქარხნის სიმძლავრეების გაცნობის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საწარმოში დასაქმებულ პირებს და ხილის ჩამბარებელ ფერმერებს გაესაუბრა.

მისი თქმით, შიდა ქართლი არის ერთ-ერთი ძლიერი რეგიონი სოფლის მეურნეობის კუთხით და მისი ძირითადი მიზანიც, ამ რეგიონის მეწარმეების დახმარებაა.

,,მე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, ვეცდები დავეხმარო მეწარმეებს საექსპორტო ბაზარზე ქართული პროდუქციის რეალიზებაში, იმისთვის რომ ქართველმა გლეხმა აღარასოდეს თქვას, თუ რუსეთის ბაზარზე არ გავყიდით პროდუქციას, არაფერი გვეშველება-ო. ფერმერები, რომლებიც აქ იყვნენ, არიან მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მათი გააძლიერების მიზნით. მცირე და საშუალო მეწარმეები ძალიან სჭირდება ქვეყანას თავისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისათვის“.- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საწარმოში საპრეზიოდენტო კანდიდატთან ერთად განსახლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები