ხაშურის თვითმმართველობის წევრები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
12:39 / 16.04.2020
ფოტო არქივიდან
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილის გადარიცხვის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდნენ.
ამის შესახებ განცხადებას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 30%-ს, ხოლო მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ხელფასის 10%-ს რიცხავენ.
16 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში კიდევ 30-ით გაიზარდა და 336-ს შეადგენს.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში 5 000 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 494, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატიის გამოყენების პირობები