სხვადასხვა
გორის ციხეში შეპარული ოთხი რაინდი - გივი ამილახვრის წარმატებული ,,ტროას" გეგმა
"შენ, გივო ამილახორო,
გუნება თაღლითიანო
იქეთ წახვალ და წამოხვალ
საითაც ქარნი ქრიანო..."

ეს ლექსი იმ გივი ამილახვარს მიუძღვნეს, რომელიც ქართლის ფაქტობრივი გამგებელი იყო რუსეთში ვახტანგ მეექვსის გადახვეწიდან ქართლში კახთა მეფის გამეფებამდე.

უმეფობის დასაწყისი ქართლის სამეფოში

1722 წელს ირანის შაჰი ჰუსეინი ავღანელებმა შეიპყრეს. ტახტის მემკვიდრე თამაზი (შემდგომში შაჰ-თამაზ II) დახმარებას ქართლის მეფეს ვახტანგ VI-ს სთხოვდა, რომლისგანაც უარი მიიღო. შაჰ-თამაზმა ქართლის მეფის დასასჯელად ჯარი თბილისისკენ გამოგზავნა. მეფემ თბილისი ოჯახთან ერთად დატოვა და გორში გადავიდა. დასახმარებლად ოსმალებს უხმო.

კახეთის მეფე კონსტანტინე მეორე იმ დროს ყიზილბაშებს ემხრობოდა, ქართლი - ოსმალებს. შაჰ-თამაზ მეორე კახეთის მეფეს ჰპირდებოდა, რომ ვახტანგის სამეფოს მას მისცემდა. ვახტანგ მეექვსე ცხინვალში გაიხიზნა და სიძეს, არაგვის ერისთავს ელოდა. არაგვის ერისთავმა კახთა მეფის მხარე დაიჭირა.

ამასობაში, ქართლში ოსმალები მოვიდნენ. ვახტანგი ფიქრობდა, რომ გორის ციხე ოსმალებისთვის დაეთმო, რათა შემდგომ ისინი ყიზილბაშების წინააღმდეგ გამოეყენებინა. გორის ციხე სულთნის არმიას გადასცა, თუმცა იანიჩრებმა მთელი ქართლის აოხრბა დაიწყებს. ვახტანგ მე-6-ს ქართლში აღარ ედგომებოდა და რუსეთში გადაიხვეწა, ახალი დახმარების იმედად. მას თან გაჰყვა უფლისწული ბაქარი.

ქართლის სამეფო მეფის გარეშე დარჩა, სადაც ფეხი კახეთის მეფემ კონსტანტინე II-მაც ვერ მოიკიდა. გორის ციხე ოსმალების ხელში იყო. მას გამუდმებით ყიზილბაშებისგან წაქეზებული ლეკები ესხმოდნენ თავს. 



კადრი ფილმიდან - ,,გივი ამილახვარი"

როგორ გაძლიერდა გივი ამილახვარი

1727 წელს გივი ამილახვარს სხილვანის ტერიტორია ოსმალეთის სულთანმა აჰმედ III-მ უბოძა. ,,სხილვანი“ ამჟამინდელ კასპის ტერიტორიაზე, სხვილოს ციხის მიმდებარე დასახლებად ითვლება. სულთნის ფირმანის მიხედვით, ლეკებთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის გივი ამილახვარს კიდევ ოთხი სოფელი - ფხვენისი, ქორდი, ტბეთი და ბიჯნისი მისცეს.

გორისციხეში ოსმალები 1734 წლამდე ჩანან, ვიდრე გივი ამილახვარმა ,,ღალატით“ არ გარეკა ისინი. 7 წლის განმავლობაში, სულთნის გარნიზონს და ქართლის ,,სახანოს“ ლეკები ავიწროებდნენ. ლეკებთან ბრძოლაში ოსმალები და გივი ამილახვარი ერთად იბრძოდნენ.

1732 წელს, გორის ციხის კომენდანტი მეჰმედში სტამბოლში ფირმანს აგზავნის, სადაც წერია, რომ ლეკები ქართლიდან ღარიბთა შვილებს იტაცებენ, აწიოკებენ მოსახლეობას. ქართველები კი დახმარებას ოსმალეთიდან ელოდებოდნენ.

პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილი, რომელიც ,,გორის ისტორიის“ ავტორია, აღნიშნავს, რომ მე-18 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ოსმალეთი სუსტდება. ამიტომ, ქართლში, ლეკების წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივებს, საკუთარი ძალებით უნდა ეწარმოებინათ.

გივი ამილახვრის მეთაურობით, მათი განდევნდა და რუსეთში გადახვეწილი ვახტანგ VI-ის დაბრუნება გადაწყვიტეს. სწორედ, ამ მოვლენას უკავშირდება გორისციხის გათავისუფლება, რომლის შესახებ საინტერესო ცნობა სეხნია ჩხეიძე შემოგვინახა. გორის ციხე 4 ქართველის, მათ შორის, გივი ამილახვრის მეთაურობით ,,შიგნიდან გატყდა“.



,, ა" დ - პროსპარსი გივი ამილახვარი

ეს ამბავი 1735 წელს ოქტომბერს ,,ღვინობის თვეს“ მოხდა. გივი ამილახვარმა და მამუკა მუხრანბატონმა ჯარი შეკრიბეს და გორთან ახლოს ბერბუკთან დადგნენ. გორელებს შეუთანხმდნენ, რომ სახლებში ღამით მებრძოლები დაემალათ. ჩანაფიქრის მიხედვით, დილით, ოთხი ქართველი ხის მორებს ციხეში მიიტანდა. გალავანს გაივლიდნენ, გოდოლის კარებთან დააწყობდნენ ისე, რომ მცველებს ვეღარ დაეკეტათ. მართლაც, დილით როცა ხის მორები აიტანეს, კარები გაიღო. ,,ურუმთა“ ნაწილი გარეთ გამოვიდა ქვედა გალავანთან. ისინი სახლებში დამალულმა ქართველმა მებრძოლებმა დახოცეს. იმ ოთხმა კაცმა კი ციხეში შეაღწია, სატევარი ამოიღეს, მცველები  და თვით ენგიჩარ-აღა მოკლეს.

აი, რას წერს ამ მოვლენების შესახებ სეხნია ჩხეიძე ,,ცხოვრება მეფეთა“-ში:

,, შეიყარა ჯარი ამილახორმა გივმა, მოვიდა ბერბუკს ღამით, დაიქვეითა თვითონ და მუხრანის ბატონმა მამუკამ, გორელთ მისცეს პირობა, შევიდნენ ღამით და დაიმალა ჯარი სახლებშია, ვერ იგძნეს ურუმთ. ციხეებში მიუჩინეს ოთხნი გამორჩეული ვაჟკაცი, მისცეს საბოძვარი, ვითაცა ურუმნი ხეებსა ზიდევდნენ, ვინცა აუტანდათ არას უკითხევდენ. გათენდა, ამ ოთხმა კაცმა შეიდვეს ძელები მხართა, იყო ნიშანი ამათი, რომ ციხის კარზე ერთი იქით დაუდვან, ერთი აქეთ, რომ ციხის კარი ვეღარ მოუგდონ, გააღეს კარი ციხისა და გამოვიდნენ ციხიდამ ურუმნი, ჩამოვიდნენ ქალაქსა გორისასა, აიტანეს ძელები და დააგდეს კართა ზედა. იდროეს, გამოვიდა დამალული ჯარი, თურე ყარაულმან იგრძნა, მოასწრეს კარი ქვეით გალავნისა, შეიქნა ცემა გორში. ამ ოთხთა კაცმა გაიკრეს სატევარებს ხელი, თურე დამალული ჰქონდათ, შეუხდენ ციხეში, მოკლეს ერთი ურუმი, მიუხუდნენ ენგიჩარ აღას, დასჭრეს, გამოვიდნენ მშვიდობით, ჩამოვიდნენ კარსა გალავნისასა მოკლეს მცველი კარისა დალეწეს კლიტენი გამოვიდნენ უზიანოთ და ვინცა ვინ ციხიდამ ურუმნი ჩამოვიდნენ ამოსწყვიტეს, დაიჭირეს. დააყენა ჯარი გორსა და წავიდა თვითან გაგზავნა მახარობელი და თავები სარდალთან. ეს სარდალი გამოეგზავნა თამაზ ხანს. მოვიდა კახეთს ასლამაზ ხან. ესე იყო ყაფლანიანთ სახლის კაცი. მოვიდა საგარეჯოს, წავიდა ამილახორი და ქართველთ ჯარი, მიეგებნენ წინა, მოვიდნენ და დადგნენ გლდანს. გამოვიდნენ ურუმნი, მოვიდნენ გლდანის ბოლოს, აქეთ გავიდნენ ყიზილბაშნი და ქართველნი, დაუმარცხდა ყიზილბაშთ და ქართველთა, მოვიდნენ მცხეთას თვესა სეკდემბერსა თ, აიღეს გორი სულუხი და მიუხდნენ ქართველნი ახალციხის ქვეყანასა, მრავალი სოფლები ააოხრეს. შემოადგა ურუმთ ჯარი სადგერსა, გამოვიდნენ ავლიშვილები და გააქცივეს ურუმნი და ამოსწყვიტეს.“

მემატიანე წერს, რომ გორის ციხის გათავისუფლების შემდეგ, ყიზილბაშებმა და ქართველებმა თბილისის გათავისუფლება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ გივი ამილახვარი გორში დაბრუნდა და აქედან ებრძოდა ოსმალებს ბორჯომის ხეობაში. 1737 წელს ირანის ნადირ-შაჰმა საქართველოში დაწყებული ანტიოსმალური აჯანყება სათავისოდ გამოიყენა. საქართველოში ხანჯალ-ხანი გამოგზავნა, რომელმაც ქართლის თავადები დააპატიმრა, მათ შორის, გივი ამილახვარი. ქართლის მმართველად ხანჯალ-ხანი დაინიშნა. ხანჯალ-ხანს მხოლოდ შანშე ქსნის ერისთავი ეომებოდა. ნადირ-შაჰმა გივი ამილახვარი იმ პირობით გაათავისუფლა, თუკი შანშე ქსნის ერისთავს მოუღებდა ბრძოლას. 1741 წელს გივი ამილახვარმა ნადირ-შაჰს ქსნის საერისთაოს აოხრება ,,ახარა“.
გივი ამილახვრისა და ნადირ-შაჰის დაპირისპირება



ფოტოზე: სხვილოს ციხე

კიდევ ერთი საინტერესო ცნობაა შემონახული გივი ამილახვრის ცხოვრებიდან. 1736 წელს გივი ამილახვარის ქალიშვილი თინათინი ნადირ-შაჰს შერთეს. ლეგენდის თანახმად, სპარსელებმა თინათინი ქვემო ჭალის რეზიდენციიდან მოიტაცეს, სწორედ, თეიმუარ ბატონიშვილის თვალწინ. თეიმურაზ ბატონიშვილი ქართლის მეფის, იესეს შვილი იყო და თინათინზე იყო დანიშნული.

გადმოცემის მიხედვით, თინათინი და თეიმურაზ ბატონიშვილი ნარდს თამაშობდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, სპარსელებთან დამოყვრება თვით გივი ამილახვარს სურდა. ამ თემაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟიც მოამზადა. 

გივი ამილახვრის დაპირისპირება უკვე სპარსელებთან

1742 წლიდან გივი ამილახვარი უკვე თვით ნადირ-შაჰს უპირისპირდება. ის მოითხოვს, რომ ქართლი გათავისუფლდეს მძიმე გადასახადებისგან. სხვილოს ციხეში გამაგრდა. მის წინააღმდეგ ირანის მმართველმა კახეთის მეფე, თეიმურაზ მე-2 აამხედრა.

თეიმურაზ მეორემ, 1742 წელს, ქართლი ამირინდო ამილახვარს გადასცა და გორელებს უბრძანა, რომ ამიერიდან ამირინდოს დამორჩილებოდნენ. იმავე წელს, ყიზილბაშები ფათალი-ხანის მეთაურობით ქართლში შეიჭრნენ. გივი ამილახვარმა ფათალი-ხანს შერიგება აღუთქვა.

ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი წერს, რომ გივი ამილახვარმა საქმე ისე მოაწყო, რომ ლეკებსა და ყიზილბაშებს ერთმანეთი ამოაწყვეტინა. შემდეგ კი, სხვილოს ციხესთან ყიზილბაშები დაამარცხა.

1744 წლამდე ქართლში გივი ამილახვრის მომხრეებსა და ყიზილბაშებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. ამილახვარმა ყიზილბაშების წინააღმდეგ ლეკები გამოიყენა, თუმცა, ლეკები პარალელურად მოსახლეობას არბევდნენ. არაგვის ხეობაში არაგველებმა ბეჟან ერისთავი და მისი ბიძაშვილი ოტოა მოკლეს. ისინი გივის მომხრეებად ითვლებოდნენ. ნადირ-შაჰმა არაგვის ხეობა თეიმურაზ მეფეს გადასცა და ქსნის საერისთავოს დაპყრობა და კახეთს შეერთება შესთავაზა.

ჯერი საამილახვროზეც მიდგა.

,,ამრიგად, შაჰმა გივი ამილახვარს თეიმურაზი დაუპირისპირა. ქსნის საერისთავო კი გივი ამილახვრის დასაყრდენი იყო“ - აღნიშნავს ელდარ მამისთვალიშვილი.

ქართლ-კახეთის გაერთიანება გივი ამილახვრის დაპატიმრების შემდეგ

1744 წელს გივი ამილახვარმა დახმარება ოსმალებს სთხოვა. ოსმალები შემოვიდნენ საქართველოში, თუმცა, მემატიანე წერს, რომ ერეკლე კახთ-ბატონმა ოსმალებისა და გივი ამილახვრის ,,კოალიციური“ ჯარი აჩაბეთთან დაამარცხა. იმავე წელს, გორის ციხის ასაღებად ახალციხის ფაშაც წამოვიდა. თედოწმინდასთან ისინიც დაამარცხეს. გივი ამილახვარი სურამის ციხეში გამაგრდა. სურამის ციხის ალყა 5 თვე გაგრძელდა. თეიმურაზმა და ერეკლემ გივი ამილახვარი შეიპყრეს და ნადირ-შაჰს გაუგზავნეს. ირანის შაჰმა, ნაცვლად იმისა, რომ გივი ამილახვარისთვის თავი მოეკვეთა, ირანის გვარდიის უფროსად დანიშნა.

1744 წელს ქართლში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. ქართლის მოსახლეობა ნელ-ნელა კახეთის მეფის, თეიმურაზ I-ის მიმართ კეთილგანწყობილებას იჩენდა, რადგან ხედავდნენ, რომ იქ მშვიდობა იყო. შეიქმნა წინაპირობა იმისა, რომ ქართლი თეიმურაზის მეფობას დაქვემდებარებოდა. ნადირ-შაჰის თანხმობით, თეიმურაზი ქართლის მეფე გახდა, ხოლო ერეკლე - კახეთის.

გივი ამილახვარი საქართველოში 1749 წელს დაბრუნდა. ირანში ყოფნის ბოლო წელს შემოიკრიბა იქ მყოფი ქართველები, ხელში ჩაიგდო ირანის შაჰის საგანძური, შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა საქართველოსკენ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, დიდი ფინანსური, მორალური და სამხედრო დახმარება გაუწია თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები