ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი სურამელი პედაგოგი გახდა
ჯაბა ლაბაძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 23 ოქტომბერს დააჯილდოვა.

ლაბაძე პედაგოგიურ საქმიანობას 25 წელია ეწევა. ის ჯერ ქემფერის, შემდეგ ბეკმის, 2008 წლიდან კი სურამის მე-2 საჯარო სკოლაში ასწავლის.

„ჩემი ბავშვობის ოცნება მასწავლებლობა იყო და ავიხდინე. ბავშვებთან ურთიერთობა მსიამოვნებს." - უთხრა Qartli.ge-ს ლაბაძემ.

ჯაბა ლაბაძე 2018 წელს მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა, რომლის ფარგლებში ქვეყნის ყველა რეგიონში, 30-ზე მეტ სკოლაში იმყოფებოდა და გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებსა და მასწავლბელებს.

2003 წელს კი ლაბაძე ხაშურის რაიონის საუკეთესო პედაგოგი გახდა.

ისტორიის პედაგოგს ეკუთვნის 13 000 სტატია, რომელიც „ვიკიპედიაშია“ განთავსებული.

“ვიკიპედიაში“ ვათავსებ ისტორიულ მასალებს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტს ეხება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ღირსშესანიშნაობების, ისტორიული მოვლენების შესახებ, რომელზეც მოსახლეობამ შედარებით ნაკლები იცის. ამას ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვაკეთებ. ვიძიებ მასალებს და შემდეგ ვამუშავებ. ბავშვები „ვიკიპედიის“ საერთაშორისო ბანაკებშიც დამყავს." - ამბობს ლაბაძე.

2019 წლის სექტემბერში ჯაბა ლაბაძე დანიის სამეფოში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა და დანიის გიმნაზიებში საგაკვეთილო პროცესებს ესწრებოდა.

„იქაური სწავლის მეთოდებს ეტაპოვრივად ვნერგავ.ჩემი საგაკვეთილო პროცესი არასტანდარტულია, სხვადასხვა მეთოდებით ვცდილობ მოსწავლეებს ისტორია შევაყვარო და გაკვეთილი მათთვის უფრო სახალისო გავხადო,“- გვითხრა ისტორიის საუკეთესო მასწავლებელმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები