გორში აღნიშნავენ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევას
გორის ცენტრში საქართველოს დროშასთან ერთად ევროპის საბჭოს დროშას საზეიმოდ აღმართავენ. ამის გამო, ცენტრალურ მოედანზე ღონისძიება საზეიმოდ აღინიშნება.

ცნობისათვის, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარე ქვეყანა ხდება. საქართველო, თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, გადმოიბარებს, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართება.

საქართველოს საფრანგეთის მხრიდან გადაცემა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ამელი დე მონშალენი გადასცემს.

თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელიც ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის მორთული.

შემდეგ სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი სტრასბურგში 6 თვის განმალობაში იმოძრავებს.

საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სტრასბურგში 3 დეკემბერს საქართველოს ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების კონცერტი გაიმართება.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.

თავმჯდომარეობის 6 თვის განმალობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები