დღეს, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის ფონზე მსოფლიო კვლავ მსჯელობს კრემლის აგრესიულ ნეოიმპერიალიზმზე, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ 2008 წლის აგვისტო იყო ის „ლაბორატორია“, სადაც მოსკოვმა გამოსცადა ყველა ის ინსტრუმენტი (სამხედრო ინტერვენცია, დეზინფორმაცია, "პასპორტიზაცია", ბორდერიზაცია), რასაც დღესაც იყენებს უკრაინაში თუ სხვაგან. შიდა ქართლის რეგიონისთვის, სადაც საოკუპაციო ხაზი პირდაპირ ადამიანების ეზოებსა და სახნავ-სათესებზე გადის, 2008 წლის ომი არ დასრულებულა. ის ყოველდღიურ, მცოცავ რეალობად იქცა.
იმის გასაგებად, თუ რატომ გახდა 2008 წელი გეოპოლიტიკური გარდატეხის წერტილი, აუცილებელია თვალი გადავავლოთ კონფლიქტის ისტორიულ დინამიკას. ჯერალდ ტუალის კვლევის თანახმად, კრიზისის ღრმა ფესვებს საბჭოთა მემკვიდრეობაში მივაკვლევთ. 1922 წელს საქართველოს შემადგენლობაში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თუმცა საბჭოთა ეპოქაში ეს საზღვრები პირობითი და ადმინისტრაციული ხასიათის იყო. ეთნიკური ქართველები და ოსები საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცენტრალური კონტროლის მოშლის შემდეგ. 1989-1992 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და ნაციონალიზმის გაძლიერების პარალელურად, ორივე მხარეს იჩინა თავი რადიკალურმა რიტორიკამ. ქართული ეროვნული მოძრაობის შეჯახებამ ოსურ სეპარატიზმთან პირველი სისხლიანი კონფლიქტი წარმოშვა, რომელსაც ასობით მსხვერპლი და ათასობით დევნილი მოჰყვა. 1992 წლის სოჭის შეთანხმებამ კონფლიქტი კი არ მოაგვარა, არამედ უბრალოდ გაყინა.
1990-იანი წლების ქაოსის დაძლევის შემდეგ, კრემლმა პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროების აღდგენა სტრატეგიულ მიზნად დაისახა. ვლადიმერ პუტინის გამოსვლამ 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ რუსეთი არ შეეგუებოდა ერთპოლუსიან სამყაროსა და ნატოს გაფართოებას თავის საზღვრებთან. მოსკოვმა გეოპოლიტიკურ იარაღად აქცია დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება (რომელიც დასავლეთისთვის უნიკალური, sui generis შემთხვევა იყო) და განაცხადა, რომ ეს ქმნიდა უნივერსალურ პრეცედენტს. ამას მოჰყვა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოსახლეობის მასობრივი "პასპორტიზაცია". რუსეთმა ხელოვნურად შექმნა „საკუთარი მოქალაქეები“, რომელთა „დაცვის“ საბაბითაც მოგვიანებით სამხედრო ინტერვენციის იურიდიული ხაფანგი მოამზადა.
საბოლოოდ კი მივდივართ 2008 წლის ომამდე. აგვისტოს დასაწყისში იყო სროლები და პროვოკაციები ოსურ და ქართულ მხარეს შორის. 7 აგვისტოს ღამეს ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალში სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ, რაც წესრიგის აღდგენასა და რუსული შეიარაღებული ძალების შემოსვლის აღკვეთას ისახავდა მიზნად. 8 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიამ მყისიერად გადაკვეთა როკის გვირაბი. აღსანიშნავია, რომ ათასობით ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა ერთ ღამეში სპონტანურად ვერ გამოჩნდებოდა, რაც მოწმობს, რომ კრემლი ამ სცენარისთვის წინასწარ ემზადებოდა და მთლიანი სცენარი წინასწარ იყო გაწერილი. რუსული არმია ცხინვალის დაკავების შემდეგ არ შეჩერებულა. შემდგომში მან დაიკავა გორი, სენაკი, ზუგდიდი. ბოლოს 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მედიაციით ხელი მოეწერა 6-პუნქტიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
2008 წლის ომზე საუბრისას ყველას, პირველ რიგში, ახსენდება საომარი მოქმედებები, სისხლისღვრა, ალში გახვეული სახლები და აფეთქებული ინფრასტრუქტურა. თუმცა საბრძოლო მოქმედებების პარალელურად საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი იყენებდა ინფორმაციული და კიბერომის მეთოდებსაც. რუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებებმა ერთდროულად გაათიშეს 54 ქართული სახელმწიფო, ფინანსური და მედია ვებგვერდი. აგრესორის მიზანი იყო საქართველოს სრულ საინფორმაციო ბლოკადაში მოქცევა.
რუსეთისა და საქართველოს მთავრობები ურთიერთდაპირისპირებულ ნარატივებს იყენებდნენ საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. საქართველო აცხადებდა, რომ რუსეთის აგრესია იყო მიმართული პატარა დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღდმეგ, რომელიც იცავს დასავლურ ღირებულებებს იმპერლიასტური მისწრაფებების წინააღმდეგ. მოსკოვი კი ამტკიცებდა, რომ რუსეთს მშვდიობისმყოფელის როლი ჰქონდა ამ კონფლიქტში და იგი მშვიდობიან მოქალაქეებს „გენოციდისგან“ იცავდა, რომელსაც ქართული მხარე ჩადიოდა. რუსულმა სტრუქტურებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს ცხინვალში დაღუპული ოსების რაოდენობის შესახებ, თითქოს ქართული არმიის ოპერაციას 2000 მშვიდობიანი ოსის სიკვდილი მოჰყვა, მაგრამ რეალურად ეს რიცხვი 162-ს შეადგენდა. ასეთი სიცრუის გავრცელებამ ოსების აღმაზე მოახდინა გავლენა და მათ მეტად დაუჭირეს მხარი რუსეთის შეჭრას საქართველოში. რუსეთი იყენებდა „დაცვის პასუხისმგებლობის“ (Responsibility to Protect) კონცეფციას, რათა საქართველოში შეჭრა შეეფუთა, როგორც ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის „ეთნიკურის წმენდისგან გადარჩენის“ მცდელობა. საბედნიეროდ, რუსეთის საინფორმაციო ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.
ომმა მძიმე პოლიტიკური შედეგები მოუტანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რაც კრემლმა "ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გზად" გამოაცხადა. 9 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ რუსული ჯარები ამ ტერიტორიებზე ხანგრძლივად დარჩებოდნენ სეპარატისტულ რეჟიმებთან დადებული ბილატერალური ხელშეკრულებების საფუძველზე, რათა თბილისს მათი დაბრუნება არ მოეხერხებინა.
ამ უკანონო ნაბიჯის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო აღიარების აქტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევა. 2011 წლის ნოემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებად. ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, 2008 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი 1 ოქტომბრიდან შეუდგა 24-საათიან პატრულირებას, თუმცა დე ფაქტო რეჟიმების წინააღმდეგობის გამო, EUMM-ს დღემდე არ ეძლევა საშუალება განახორციელოს თავისი მანდატი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით.
პარალელურად, საქართველომ წამოიწყო ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა საერთაშორისო ინსტიტუტებში, სადაც მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წელს დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე და დააკისრა მას სრული პასუხისმგებლობა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე. ეს მოიცავს ქართული სოფლების სისტემატურ დაწვასა და აოხრებას, ომის ტყვეთა წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების ხელშეშლას (Georgia v. Russia (II), 2021). სტრაზბურგის სასამართლომ 2026 წლის ივნისში რუსეთი დამნაშავედ ცნო 2008 წლის ომის დროს რვა ქართველი ტყვის, მათ შორის ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის, წამებასა და მკვლელობაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2022 წელს გამოსცა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერები. ისინი პასუხისმგებელი არიან აგვისტოს ომში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასა და წამებაში.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უარს ამბობს ამ გადაწყვეტილებების შესრულებასა და ფინანსურ კომპენსაციაზე, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიმართლის დადგენისა და რუსეთის ქმედებების გამოაშკარავებისთვის. საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს სამართლებრივ პასუხისმგებლობას ოფიციალურად ადგენს და ქმნის ავტორიტეტულ ფაქტობრივ ჩანაწერს, რომელიც ამცირებს დეზინფორმაციისა და ისტორიის გაყალბების შესაძლებლობას. ასევე ისინი აძლიერებს საერთაშორისო პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 9 მარტს მიიღო მორიგი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღდეგ. როგორც ვიცით, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა დამოუკიდებლად გამოაცხადა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და იქ ჯარები განალაგა. რუსეთმა დაიწყო ბორდერიზაცია - ეს პროცესი მოიცავს ზედამხედველობას, საოკუპაციო ხაზის შექმნას, გადაადგილების შეზღუდვას. ეს კი ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებდა ქართველებისთვის. მაგალითად, პენსიის აღებას, საოკუპაციო ხაზის მიღმა ოჯახების მონახულებას, სამედიცინო დახმრების მიღებას და ა.შ. ეს ქმედებები არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უამრავ მუხლს, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება, გადაადგილების უფლება და ა.შ. ყველა დარღვევა დამტკიცდა მოსამართლეთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი ქცევა შეცვალოს. ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე დიდ პრობლემად რჩება. გამყოფი ხაზი ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ ქართულ მიწას იტაცებს. ბორდერიზაცია განსაკუთრებით მტკივნეული შიდა ქართლის რეგიონისთვის აღმოჩნდა, ვინაიდან აქ საოკუპაციო ხაზის სიმჭიდროვე ყველაზე მაღალია და "მცოცავი ოკუპაცია" ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას მეტად ართულებს.
მავთულხლართების, ღობეების, თხრილებისა და სათვალთვალო კამერების მონტაჟმა (ბორდერიზაციამ) შიდა ქართლის სოფლები მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების კრიზისში ჩააგდო. საოკუპაციო ხაზმა ხელოვნურად გაყო ოჯახები, მეზობლები და სასაფლაოებიც კი, ადამიანებს ხშირად საკუთარი წინაპრების საფლავებზე სანთლის დანთების საშუალებაც არ ეძლევათ. საოკუპაციო ზოლის მიღმა დარჩა კრიტიკული სარწყავი და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც მოსახლეობისთვის მიწათმოქმედებით თავის რჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. საოკუპაციო ხაზთან სიახლოვე აფერხებს გაზის, ელექტროენერგიისა და გზების ინფრასტრუქტურის შეკეთებას, ხოლო გადაადგილების შეზღუდვა სკოლასა თუ სააავადმყოფოში წასვლას ყოველდღიურ რისკად აქცევს.
ამ რეგიონში რუსი სამხედროები და ე.წ. "მესაზღვრეები" ადამიანების გატაცებას სისტემატურ იარაღად იყენებენ. ადგილობრივებს საკუთარ მიწაზეც კი აკავებენ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით. 2017 წელს სოფელ ხურვალეთიდან გაიტაცეს ლალი ხაჩირაშვილი, რომელიც საკუთარ სახლთან ახლოს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 2020 წლის 11 ივლისს სხვილის ციხის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ზაზა გახელაძე, რომელსაც დე ფაქტო სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (მან სამშობლოში დაბრუნებამდე ერთი წელი გაატარა ცხინვალის ციხეში).
ომის დროს სამხრეთ ოსეთში ბევრი ქართული სოფელი განადგურდა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ღიად განაცხადა, რომ ქართული სოფლები მიწასთან გასწორდა და დევნილებს უკან დაბრუნების უფლება არ ექნებოდათ, ხოლო ახალგორის მუნიციპალიტეტში დარჩენილ მოსახლეობას რუსული პასპორტების აღება აიძულეს. ომს 200 ათასამდე ადამიანის იძულებითი გადაადგილება მოჰყვა. 2014 წლის მონაცემებით, აქედან 20 ათასმა დევნილმა ვერ მოახერხა საკუთარ მიწაზე დაბრუნება.
ამ ტრაგედიის ცოცხალი სიმბოლოა სოფელ კარალეთში მცხოვრები ქეთევან სუხიტაშვილი. მისი ვაჟი, 406-ე ტანკის ეკიპაჟის წევრი ოთარ სუხიტაშვილი, ორ თანამებრძოლთან ერთად აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სუხიტაშვილების ოჯახს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ცარიელი საფლავი აქვს გახსნილი, რადგან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი არ თანამშრომლობს ოჯახთან და არ ამხელს ინფორმაციას ქართველი ტანკისტების ბედის შესახებ. ადგილობრივმა მთავრობამ ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად კარალეთის სკოლას მისი სახელი მიანიჭა და მემორიალი გაუხსნა, თუმცა დედის უწყვეტი მოლოდინი და ცარიელი საფლავი იმ დიდი ეროვნული ტკივილის ანარეკლია, რომელსაც შიდა ქართლი და საქართველო დღემდე გრძნობს.
აგვისტოს ომი არ წარმოადგენს ტრაგედიას მხოლოდ ქართველებისთვის, ეს იყო
მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა. 2022 წლის 6 მარტს,
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირდაპირ აღნიშნა, რომ რუსეთის
ქმედებები საქართველოში 2008 წელს იყო ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი,
საიდანაც დასავლეთმა ვერ ისწავლა. დასავლეთი და ქართული საზოგადოება
შეიძლება აგვისტოს ომის შემდეგ გამოფხიზლებულიყვნენ, მაგრამ ეს არ
მოხდა. ბევრისთვის 2014 წლის ყირიმის ანექსიაც არ იყო „საკმარისი“
რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნებისთვის თვალის გასასწორებლად. 2022 წელს
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შეცვლა დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის
მიმართ. 2008 წლის პოლიტიკური და სამართლებრივი მემკვიდრეობის
სიღრმისეული გააზრება დღესაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მარტო
საქართველოს, არამედ ევროპის მომავლისთვის.
ავტორი: სალომე აკოფაშვილი
სტატიის გამოყენების პირობები